ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ვითარება დაიძაბა. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელია უმსხვილესი ჩინური კონსორციუმისთვის "ფაუერ ჩაინასთვის". "რეზონანსთან" ინტერვიუში "ანაკლია პორტი და ინდუსტრიულ ეკო პარკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თემურ ქარჩავა ამბობს, რომ თუ სახელმწიფო პირობებს არ შეცვლის, მისი კონსორციუმისთვის ამ პროექტში მონაწილეობა მიუღებელი იქნება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ინვესტორი რჩება - "თიბისი ჯგუფი" ამერიკული კომპანია "კონტი ჯგუფთან" ერთად.
კონკრეტულად რა საკითხზე ვერ რიგდება მთავრობა ჩინელ ინვესტორებთან? ეკონომიკის სამინისტროში კონფიდენციალურობის მოტივით დეტალებზე არ საუბრობენ. თემურ ქარჩავა კი ამბობს, რომ მთავრობასა და ინვესტორებს შორის სახელშეკრულებო პირობების გარჩევა მიმდინარეობს.
"რეზონანსი": მთავრობამ გამარჯვებული ინვესტორის გამოცხადების ვადა რამდენჯერმე გადადო, რაზე ვერ თანხმდებით?
თემურ ქარჩავა: საუბარია საინვესტიციო ხელშეკრულების დეტალებზე სახელმწიფოსა და ინვესტორებს შორის. ინტერესთა გამოხატვაში ორი კონსორციუმი იღებს მონაწილეობას. ერთმა შესთავაზა მთავრობას, რომ გარკვეული პუნქტები საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან მიმართებაში მოწესრიგდეს. ამ შემთხვევაში ჩინური კომპანია, ანაკლიის პორტის კონსორციუმთან ერთად, მზად არის დააფინანსოს, ააშენოს და ექსპლოატაცია გაუწიოს ამ დიდ პროექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია. განსახილველია რამდენიმე საკითხი საინვესტიციო ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. შეიძლება შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. ინვესტორთა ერთ ჯგუფს ეს პირობები ხელს არ აძლევს, შეიძლება აწყობდეს მეორე ჯგუფს, ხაზარაძის კონსორციუმს - "თიბისი" და "კონტი ჯგუფი".
"რ": თქვენი ჯგუფი ინტერესთა გამოხატვის პროცესში მონაწილეობას აგრძელებს?
თ.ქ.: რა თქმა უნდა, ვმონაწილეობთ. დავაკვირდებით რა პირობებს მისცემენ მეორე კონსორციუმს. ჩინეთის გიგანტი კომპანია "ფაუერ ჩაინა" მიიჩნევს, რომ ტენდერის პირობები გადასახედია. თუ მას შევასწორებთ და მოვიყვანთ საერთაშორისო ფინანსურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, იგი მზად არის ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად დააფინანსოს ეს პროექტი.
კონკურსი არავის დაუტოვებია, თავის შეკავება და შეთავაზება არ ნიშნავს პროცესიდან გამოთიშვას. ეს არის შეთავაზება, რომლის მიხედვითაც პროექტი განხორციელებადია. დავუშვათ "თიბისიმ" და "კონტიმ" ვერ შეასრულეს პირობები, მაშინ უკიდურესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნება. ამიტომ მთავრობამ უნდა განიხილოს ის საკითხები, რომელიც პირობების წესრიგში მოყვანას გულისხმობს.
ჩვენი დოკუმენტები რეგისტრაციაში გატარებულია, წინადადებებთან დაკავშირებით მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო, კომისია საქმის კურსშია. თუ მისაღები იქნება მათთვის, ხომ კარგი, თუ არადა, ვინც უნდა ის გამოაცხადონ გამარჯვებულად. ჩვენ არაფერს ვტოვებთ უყურადღებოდ.
"რ": საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაში კონკრეტულად რას გულისხმობთ?
თ.ქ.: ამაზე ეკონომიკის სამინისტრო გაგცემთ პასუხს. ძალიან კარგად იციან ხელშეკრულების პირობები.
"რ": ეკონომიკის სამინისტრო სულაც არ ფიქრობს, რომ მათი პირობები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა, ამიტომაც გეკითხებით თქვენ.
თ.ქ.: რამდენიმე პუნქტია, რომელიც მისაღები არ არის ინვესტორისთვის. ამის შესახებ ვისაუბრებთ მაშინ, როდესაც გამარჯვებულს გამოაცხადებენ ან მანამდე, თუკი საჭიროდ ჩავთვლით. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს.
ვფიქრობთ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაქირავებულმა საკონსულტაციო ჯგუფმა არასწორი პირობები წამოაყენა. თუ შეიცვლება მოთხოვნა, მაშინ უნდა განახლდეს პირობები სახელმწიფოსთან. მეორე კონსორციუმი თუ ამ პირობებით აიღებს პროექტს, ეს მათი ნებაა. აქ არ არის საუბარი გრანტებით დაფინანსებაზე, სახელმწიფო გარანტიაზე. თუ ამ ყველაფრის გარეშე თანახმაა მეორე კონსორციუმი, გამარჯვებას ვუსურვებ.
ჩინეთის გიგანტური კომპანია "ფაუერ ჩაინა", ამერიკული კომპანია და ქართული "ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკი", რომლებსაც ერთმანეთთან პარტნიორული ხელშეკრულება აკავშირებთ, მზად არიან მისაღები პირობებით დაიწყონ პორტის მშენებლობა. არსებული პირობებით ეს პროექტი თავშივე განწირულია და დიდი რისკის ქვეშ დგას.
"რ": საქართველოში რამდენიმე პორტია, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობას ვერ ახერხებს. ანაკლიის პორტის რენტაბელობა რა გათვლებს ემყარება?
თ.ქ.: ამ პორტის მშენებლობა ითვალისწინებს ახალი მარშრუტის გაჭრას - ჩინეთი-საქართველო-ევროპა. ახალ მარშრუტს ვერ გაჭრის "თიბისი" და "კონტი ჯგუფი" დიდი ჩინური კომპანიის გარეშე.
ფოთისა და ბათუმის პორტები მოძველებულია. თუ არ აშენდება ახალი ტექნოლოგიური პორტი, მათი ინფრასტრუქტურა ვერ დააკმაყოფილებს იმ ტვირთბრუნვას, რომელიც დასაბუთებულია. ამიტომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მაკა ხარაზიშვილი
გაზეთი "რეზონანსი"