თხილის ფასი ვარდნას განაგრძობს

დასავლეთ საქართველოში თხილის ფასი კვლავ იკლებს.

ბოლო 3 წელზე მეტია, საქართველოში თხილის ფასი ასეთი დაბალი არ ყოფილა. შარშან ამ დროს 1 კგ თხილი 10 ლარზე მეტი ღირდა (მისი ფასი ხარისხის მიხედვით რეგულირდებოდა), თუმცა წელს 1 კგ გულშიშველა 3 ლარი, ანაკლიური კი 4,20 ლარი ღირს. დასავლეთის რეგიონების მცხოვრებლებისთვის თხილი შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა მოსახლეობა შენახული მარაგების გაყიდვით საარსებო სახსრებს მოიპოვებს.

შესაბამისად, ადგილობრივების უმეტესობა თხილის ფასის ვარდნამ უკიდურესად მძიმე პრობლემის წინაშე დააყენა.

ილიკო, ზუგდიდის მკვიდრი: "სულ რაღაც თვენახევრის წინ სოფელ დარჩელში 3 ტონამდე თხილი 7 ლარად ვიყიდე. ფასის მომატებას ველოდებოდი. ბანკიდან გამოვიტანე სესხი ნარჩევი თხილის საყიდლად. ახლა კი სწორედ ასეთი თხილი, საუკეთესო ხარისხის 1 კგ 5 ლარამდე ღირს. ჩემ გარშემო ხალხმა ბინები ჩადო ბანკში, სესხი რომ აეღოთ და ამ ფულით თხილი ეყიდათ. ზოგი მეუბნება, მომავალ წელს დაელოდე, შეუძლებელია ძველი ფასი არ დაბრუნდესო, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ერთი წელი ბანკის პროცენტების გადახდას როგორ შევძლებ? რასაც იმ წელს მოგებას ავიღებ, ბანკის ვალში უნდა წავიდეს".

იგივე პრობლემის წინაშეა სოფელ ჯიხაშკარის მკვიდრი ზურაბ გაბოსინია, რომელმაც ბანკიდან 10 ათასი ლარი გამოიტანა იმის იმედით, რომ "კარგ ფასში" ნაყიდი თხილი მოგებას დაუტოვებდა.

"სახლი ჩავდე ბანკში და 1 კგ თხილი 6 ლარად შევისყიდე. კარგი ხარისხია, მაგრამ მომავალ წლამდე არავინ იცის, რა იქნება. ჯერ ერთი წონაში იკლებს, შემდეგ გული უშავდება და 3 ლარშიც შეიძლება აღარ გაიყიდოს. ადრე დოლარის კურსის მატებასთან ერთად, თხილის ფასიც იზრდებოდა. ახლა კი პირიქით ხდება", - ამბობს დაზარალებული.

ბოლო პერიოდში თხილზე ფასი დაეცა თურქეთშიც, სადაც თხილის საბითუმო ფასი დაახლოებით 30%-ით შემცირდა. თუკი რამდენიმე დღის წინ კილოგრამი თხილის ფასი 13 ლირამდე იყო, დღეისათვის დაახლოებით 8 ლირიდან 9 ლირამდე მერყეობს (ერთი თურქული ლირა დაახლოებით 0,80 თეთრია).

თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელიას თქმით, თხილის ფასის მატება უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის.

"როგორც მოგეხსენებათ, თხილის ფასს მსოფლიო ბაზარზე თურქეთი განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, როდესაც მოსავალი დიდია, თხილის დეფიციტი არ არის ბაზარზე და როდესაც თურქეთში თხილი იაფდება, იაფდება ჩვენთანაც, საქართველოში. ამ საკითხზე საუბრისას, ისევ მივდივართ იმ პრობლემასთან, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ, რომ ქართული თხილის პრობლემა არის შრობა. ცუდი შრობიდან გამომდინარე "გულშიშველას" გამოსავლიანობის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ამიტომ მისი ფასიც დაბალია", - აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

ლალი პაპასკირი