აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უფასოდ მოიხმარს

აფხაზეთი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 85-86%-ს უფასოდ მოიხმარს

ზამთრის სეზონში ენგურჰესისა და ვარდნილჰესის კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი ოკუპირებულ აფხაზეთს მიაქვს.

ენგურჰესის მიერ "ბიზნესპრესსნიუსისთვის" მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა 2015 წელს ჯამში ვარდნილჰესის კასკადის მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის დაახლოებით 51%, ხოლო ენგურჰესიდან სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის თითქმის 47% მოიხმარა. ამ მონაცემების თანახმად, დარღვეულია აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის 1997 წლის სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 60% ქართულ მხარეს, 40% კი აფხაზურს უნდა მიეღო.

ზამთრის სეზონში აფხაზეთის მოხმარება რამდენიმე ათეული პროცენტით იზრდება, კერძოდ, 2015 წელს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, ენგურჰესის მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის ჯამურმა მოცულობამ 523 მლნ კვტ/საათი შეადგინა, აქედან ოკუპირებულმა აფხაზეთმა უფასოდ 449 მლნ კვტ/საათი ელექტროენერგია მიიღო, რაც ჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის 86%-მდეა.

ვარდნილჰესის კასკადმა კი, რომელიც გალის რაიონში, სოფელ საბერიოში მდებარეობს, 2015 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, სულ 100 მლნ კვტ/საათი სალტზე გაშვებული ელექტროენერგია გამოიმუშავა, საიდანაც ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებული იქნა 87 მლნ კვტ/საათი, კასკადის მიერ გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 86%.

საქართველომ 2015 წლის თებერვალში 1 895 ათასი კვტ/საათის დამატებითი ელექტროენერგია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთს, რადგან ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ აფხაზეთის მოხმარება ვერ დააკმაყოფილა.

ენგურჰესიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ "ბიზნესსპრესსნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზეთი უფასოდ იღებს ელექტროენერგიას. 2016 წლის იანვარში კი, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 97-98% აფხაზეთმა მოიხმარა.

"ჩვენ ვაზუსტებთ, იანვარში ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემებს, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ აფხაზური მხარის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა გამომუშავებული ენერგიის დაახლოებით 97-98%-ია. ზამთარში აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება,",- განაცხადა ლევან მებონიამ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ქართული მხარე არ აპირებს გადახედოს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდების საკითხს. მისი თქმით, აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების არსებული სქემა ქართული მხარის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არ არის დაგეგმილი მისი შეცვლა.

-აფხაზეთის ელექტრომომარაგება ხდება ერთადერთი წყაროს - ენგურჰესისა და ვარდნილჰესის კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მეშვეობით. მიწოდების სქემა ცალსახად ემსახურება იმას, რომ პირველ რიგში აფხაზეთის მომსახურების დაკმაყოფილება მოხდეს და შემდეგ უკვე დანარჩენი საქართველოს. ეს ტექნიკურადაც ასეა, რადგან აფხაზეთში მანქანა-დანადგარები და ქვესადგურებია განთავსებული. თუ დინამიკასაც შეხედავთ აფხაზეთის მოხმარება წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება.

-ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიას უფასოდ იღებს მაშინ, როდესაც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა გარკვეულ საფასურს იხდის. აპირებს თუ არა ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე გარკვეული ტარიფის დაწესებას?

-ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდება, რომელსაც ახორციელებს ქართული მხარე აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ იგეგმება არსებული სქემის გადახედვა.

ენერგეტიკის საკითხებში ექსპერტის რევაზ არველაძის განცხადებით არასწორია 1997 წლის შეთანხმება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის, რადგან წყალსაცავი, რომელიც მნიშვნელოვანია ჰესის მუშაობისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა აფხაზეთმაც უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური ქართული მხარის მსგავსად.

"როდესაც მოლაპარაკებები შედგა 1997-1998 წლებში, აფხაზეთის წინადადება იყო, რომ ჰესების ბონდების 40% განლაგებულია აფხაზეთში, დანარჩენი 60% საქართველოს ტერიტორიაზე და ამ პროპორციით უნდა მომხდარიყო ელექტროენერგიის განაწილებაც, არ ვეთანხმებოდი ამ წინადადებას, რადგან ჰესის მუშაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წყალი, რომელიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს ამ სიტყვიერი შეთანხმების შესრულება, თანაც განაწილების სქემა 60/40-ზე უნდა იყოს დაცული ყოველთვიურად და არა მხოლოდ წლის ჭრილში. ზამთარში აფხაზურ მხარეს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის 100% მიაქვს და რა გამოდის, რომ ზამთარში ჰესის ბონდების 100% აფხაზეთშია განლაგებული? ეს არის ძალადობა, რადგან მეორე მხარეს არის მართვის ფარი და სამანქანო დარბაზი, აფხაზური მხარე იყენებს თავის სასარგებლოდ და მიაქვს ის, რაც მას არ ეკუთვნის",- განაცხადა რევაზ არველაძემ.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს 2015 წლის გამავლობაში, 699 მლნ კვტ/საათი ელექტროენერგიის იმპორტი დასჭირდა. ელექტროენერგიის იმპორტრიორი სამი ქვეყნიდან პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც საქართველომ 511.0 მლნ კვტ/საათის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი 101,7 მლნ კვტ/სთ-ით და სომხეთი 86,5 მლნ კვტ/სთ-ით.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მიერ ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 2015 წელს ჯამში 659,9 მლნ კვტ/საათი შეადგინა.

გოგა თირქია