პარიზში გამართულ აუქციონზე მე-19 საუკუნის საქართველოს ფოტოები გაიყიდა

პარიზში, სააუქციონო სახლში „ოტელ დრუო“ მე-19 საუკუნის საქართველოს ფოტოები 2 ათას ევროდ გაიყიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ისტორიკოსი ანა ჭეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„როგორც ვივარაუდე, ჩვენი ლოტი გაიყიდა 2 000 ევროდ. ონლაინ მყიდველმა შეიძინა. იმედი ვიქონიოთ, რომ რომელიმე ქართველმა გამოიდო თავი და კოლექცია არ დაიფანტება“, - წერს ანა ჭეიშვილი.

ანა ჭეიშვილის ინფორმაციით, აუქციონზე 110-ე ლოტად წარმოდგენილი იყო 1899-1906 წლებში სამხრეთ კავკასიაში გადაღებული ფოტოები. ლოტში სულ დაახლოებით 192 ფოტოა, რომელთა ავტორი უცნობია.

ქართველი ისტორიკოსის მოსაზრებით, სავარაუდოდ, ფოტოების ავტორი ერთ-ერთი ფრანგი გეოლოგია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სპილენძის მაღაროებს ამუშავებდა.

192 ფოტოდან 67 ფოტო გადაღებულია საქართველოში: კერძოდ ბათუმის პორტი - 10 ფოტო. ტფილისი - 22 ფოტო (ქალაქის ხედები. რამდენიმე ფოტო დაკრძალვიდან - ყარაჩოხელები მიუყვებიან პროცესიას), ფოთის პორტი - 4 ფოტო, სოხუმის სანაპიროსთან - 8 ფოტო (სოხუმს ამ პერიოდში პორტი არ ჰქონდა და დიდი გემებიდან მცირე ნავებზე სხდებოდნენ ნაპირამდე მისასვლელად. სწორედ ეს მომენტია ფოტოებზე ასახული), შავ ზღვაზე - 4 ფოტო

გორი - 2 ფოტო, სადახლო - 1 ფოტო, საქართველოს სამხედრო გზა - 16 ფოტო (ყაზბეგი, დუშეთი, გუდაური, ანანური, მცხეთა).

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე