გაიაფების შემდეგ, ოქროს ფასი ისევ მატულობს

2015 წლის ბოლოს მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი საგრძნობლად დაეცა, თუმცა სულ რაღაც ორ თვეში ამ „კეთილშობილი ლითონის“ ფასი კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ოქროს საერთაშორისო ფასი უნციაზე 1233 დოლარი იყო, დღეს დილით კი მსოფლიო ბაზარზე ერთი უნცია ოქროს ფასმა 1261.70 დოლარი შეადგინა.

ოქროს ფასის ცვლილებების მიუხედავად, ანალიტიკოსთა შეფასებით, ოქროში ინვესტიციის ჩადება კვლავაც ყველაზე პოპულარული გზაა: ინვესტორები მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე არასახარბიელო პროცესებს უფრთხიან და ცდილობენ თავიანთი კაპიტალი ფასიან ქაღალდებში კი არა, ოქროში დააბანდონ.

რა ხდება ამ დროს ქართულ ბაზარზე? - ოქრო ნელ-ნელა, მაგრამ ჩვენთანაც ძვირდება: გასული წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, 2015 წლის ივნისში 583 სინჯის ოქრო საქართველოში 46 ლარი ღირდა, 958 სინჯის - 76 ლარი, ხოლო ყველაზე ძვირფასი - 999 სინჯისა - 78 ლარი. „ოქროს ბირჟისა“ და „აგორა ფინანსების“ მონაცემებით, დღეს 583 სინჯის ოქრო უკვე 53-54 ლარი ღირს, 958 სინჯისა - 89 ლარი, ხოლო 999 – 93-95 ლარი.

იმას, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები გაზრდილია, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტი თამაზ გულედანიც ადასტურებს.

თამაზ გულედანი: „ოქროს ფასმა თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ ისევე მოიმატა, როგორც მთელ მსოფლიოში. ბოლო დღეებშიც, ოქროს ნაკეთობების ფასი 1,5-2 ლარით გაიზარდა. მართალია, მთელ მსოფლიოში კრიზისია და ეს ჩვენს საქმეშიც იგრძნობა, მაგრამ ვაჭრობა მაინც არის. ხალხი იხდის ქორწილებს, ნათლობებს, დაბადების დღეებს და რაღაც შემოსავალი მაინც გვაქვს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ 4-5 წლის წინ უფრო მეტი მყიდველი გვყავდა და ოქროს ნაწარმიც უკეთესად იყიდებოდა“.

მერი დ. უკვე 12 წელია „ოქროს ბირჟაზე“ მუშაობს, მისი თქმით, ოჯახებიდან გამოტანილი და შედარებით იაფად ნაყიდი ოქრო რომ არა, მუშაობა ძალიან გაუჭირდებოდა.

„კერძო პირების მიერ ჩაბარებული ოქრო ყველაზე მეტად გვშველის: როდესაც ადამიანს ფული სჭირდება, მზად არის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი სამკაულიც კი შედარებით იაფად დათმოს. ჩვენც ვეძებთ ასეთ ვარიანტს, აქაც მოდიან და გვიტოვებენ, ზოგს თანხას მაშინვე ვაძლევთ, ზოგი კი ცოტა დროს გვაძლევს და თანხა სამკაულის გაყიდვის შემდეგ მიაქვს. უფრო მეტად ძველებურ, ე.წ. რუსულ ოქროს ეტანებიან, თუმცა თანამედროვე ნაკეთობებიც იყიდება. ჩვეულებრივ დღეებში სამკაულების რეალიზაცია გვიჭირს, მაგრამ დღესასწაულები გვშველის: 3 მარტს, დედის დღეზე პირადად მე რამდენიმე სამკაული გავყიდე, ახლა 8 მარტიც მოდის, ზოგჯერ დაბადების დღეზეც ყიდულობენ ოქროს სამკაულებს, თუმცა ოქროს ყიდვის საშუალება ყველას არა აქვს“, - აღნიშნავს მერი დ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოქროს ფასის ზრდას ადასტურებს „ოქროს ბირჟა.გე“-ს ადმინისტრატორი ვლადიმერ ქურდაძე.

„ყველაზე გაყიდვადი 583-585 სინჯის მაგალითზე გეტყვით: ამ სინჯის ოქრო თუ ღირდა 45 ლარი, ახლა სადღაც 8-10 ლარით გაძვირდა და 52-54 ლარი გახდა. რატომ იაფდება ან ძვირდება ოქრო - ეს ძნელი სათქმელია, რადგან მის ფასზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. სხვათა შორის, ოქროს ქართულ ბაზარზე ერთი თავისებურება შეინიშნება: თანამედროვე, ე.წ. იტალიურ ოქროს უფრო 15-დან 30 წლამდე ახალგაზრდები ყიდულობენ, ხოლო 50 წლის და უფრო ხანდაზმული ქალბატონები ძველებურ, რუსულ ოქროს ამჯობინებენ. საერთოდ, ოქროში განსხვავება არ უნდა იყოს, რადგან ოქრო საქართველოშიც ოქროა, იტალიაშიც და თურქეთშიც. მაგრამ თუ ოქრო შედარებით დაბალი სინჯისაა, შეიძლება სპილენძი და სხვა მინარევები ჰქონდეს შერეული. სწორედ ამ მინარევებშია განსხვავება. ამიტომ, ზოგიერთი კლიენტი ცდილობს, ძველებური ოქრო შეიძინოს“, - აღნიშნავს ვლადიმერ ქურდაძე.

რით უნდა აიხსნას, რომ გასულ წელს დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი გაიზარდა და ოქრო ჩვენს საექსპორტო ათეულშიც შედის? ამ შეკითხვაზე ეკონომიკის ექსპერტმა ავთო სილაგაძემ გვიპასუხა.

„ჩვენს საექსპორტო ათეულში ოქროს მართლაც უკავია ადგილი, რადგან საქართველოდან ოქროს ექსპორტი ყოველთვის ხორციელდებოდა. მით უმეტეს, ახლა ამ ძვირფასი ლითონის მოპოვების მასშტაბები გაიზარდა, მაგრამ ეს ის ოქრო არ არის, რომელსაც ბაზარი მოითხოვს: ჩვენი ქვეყნიდან ოქრო ზოდების სახით გადის და უცხოეთში ამუშავებენ. ქართული ოქრო ევროპაშიც გადის და იქ საბოლოო სახეს იღებს. მართალია, საქართველო ოქროს მომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა, მაგრამ ის არ არის ამ ბაზრის მსხვილი მოთამაშე. საქართველოს წილი ოქროს მოპოვებაში ძალიან მცირეა, თუმცა ჩვენი ექსპორტის მასშტაბებიდან გამომდინარე, ოქრო ჩვენს საექსპორტო პროდუქციაში მაინც გარკვეულ ადგილს იკავებს. ქართული ბაზრის ფასებიც დუნედ, მაგრამ მაინც მიჰყვება ოქროს საერთაშორისო ღირებულებას“, - აღნიშნა ავთო სილაგაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე