მიკროსაფინანსოების შემდეგ მევახშეების ჯერი დადგება

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას კანონმდებლობა დაარეგულირებს. ამის შესახებ გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება.

რეზონანსის” ინფორმაციით, ცვლილება, პირველ რიგში, საპროცენტო განაკვეთების მოცულობაზე აისახება. სპეციალისტების ვარაუდით, მიკროსაფინანსოებს არ ექნებათ ზემოგების შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რეგულაციები კერძო მსესხებლებსაც დაუწესდეთ.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მსოფლიოში ყველგან რეგულირების ჩარჩოებში არიან მოქცეულნი. ჩვენთან მარეგულირებელი უნდა იყოს ეროვნული ბანკი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ლიცენზირებას ახდენს. რუსეთს შემოაქვს ძალიან კარგი რეგულაციები. კარგი მაგალითი გადამდები უნდა იყოს და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. კერძოდ, თუ მსესხებლის მიერ ნასესხებ თანხაზე დარიცხული ჯარიმა ძირითადი თანხის ოთხმაგ ოდენობას შეადგენს, სესხზე ყოველგვარი დარიცხვა უქმდება და საპროცენტო წლიური განაკვერთი არა უმეტეს 36-40%-ით განისაზღვრება”, - აცხადებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ”რეზონანსთან” საუბრისას და დასძენს, რომ მიკროსაფინანსოების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის უფლებაც და ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს.

მისივე თქმით, სპეციალური სტატუსის ქვეშ უნდა მოექცნენ ონლაინ გამსესხებლებიც, ხოლო მევახშეების საქმიანობა მკაცრად გაკონტროლდეს ან აიკრძალოს:

”სამწუხაროდ, წვრილი გამსესხებლების მეშვეობით ხელს ითბობენ კომერციული ბანკებიც, რადგან სწორედ ისინი ამარაგებენ ფულით ამ სექტორს. მართალია, ეს არ აისახება ბანკების ანგარიშგებაში, მაგრამ ონლაინ გამსესხებლებს ფინანსურ რესურსზე წვდომას უადვილებს. თუკი კანონმდებლობა ამოქმედდება, ზემაღალი სამევახშეო საპროცენტო განაკვეთი აღიკვეთება და ფული გახდება სიკეთის მომტანი და არა გამღარიბებლი მოსახლეობისთვის. წვრილი გამსესხებლებიც აუცილებლად უნდა გარდაიქმნან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად. სპეციალური სტატუსის ქვეშ მოექცნენ ონლაინ გამსესხებლებიც, ხოლო მევახშეების საქმიანობა ან აიკრძალოს, ან მკაცრად გაკონტროლდეს”, - აცხადებს ლია ელიავა.

გაზეთი ”რეზონანსის” ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონტროლი ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ქვეყანაში 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული და მათი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მოწმდება.

”მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტი თვის ბოლომდე განიხილავს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ ებანოიძის თქმით, პროექტში მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაციების რეგულირებისა და ანგარიშგების ფორმებზე იქნება საუბარი”, - წერს ”რეზონანსი”.

გაზეთი "რეზონანსი"