ქართული "საუკუნის ძარცვა" ჰოლივუდური სცენარით (ექსკლუზივი)

"1997 წელს ეროვნული ზარაფხანიდან 132 ოქროს ზოდი (ოფიციალური მონაცემი) გაიტანეს. საუკუნის ძარცვა 15 წელი გაუხსნელი იყო და მასზე ხელი კაი ხანს ჰქონდათ ჩაქნეული, სანამ 2012 წელს ის სრულიად შემთხვევით არ გაიხსნა"

"კილოიანი ოქროს ზოდებით სავსე სეიფების დანახვაზე ემოციებს ვერ ვმალავდით, ამდენი ოქრო ფილმებში თუ გვენახა"

ა.წ. 23 თებერვალს სტამბოლში უცნობმა პირებმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საიუველირო მაღაზიებიდან 60 კილოგრამამდე ოქრო გაიტაცეს ,,როგორც სამართალდამცავები აცხადებდნენ, ძარცვა პროფესიონალურად იყო შესრულებული. გაჩნდა ეჭვი, რომ იღბლიანი მძარცველები ქართველები უნდა ყოფილიყვნენ, სწორედ ამის გამო სტამბოლის პოლიცია "ქართულ უბნებში" ორი დღე ჩხრეკას ატარებდა. 25 თებერვალს სამართალდამცავებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ თურქული ოქროს გამტაცებლები ქართველები იყვნენ, თუმცა მათ კვალს ჯერჯერობით ვერ მიაგნეს. ნადავლი 2 მილიონი ლირის ღირებულებისაა. თურქულმა მედიამ მომხდარს საუკუნის ძარცვა უწოდა, თუმცა საუკუნის ძარცვა ქართველებმა სამშობლოში ჩაიდინეს, როდესაც 1997 წელს ეროვნული ზარაფხანიდან 132 ოქროს ზოდი (ოფიციალური მონაცემი) გაიტანეს.

საუკუნის ძარცვა 15 წელი გაუხსნელი იყო და მასზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, სანამ 2012 წელს ის სრულიად შემთხვევით არ გაიხსნა. იმხანად ციხეში მყოფი ერთი პატიმარი ხშირად იკვეხნიდა, რომ მას ზარაფხანა ჰქონდა გატანილი, თუმცა არავინ უჯერებდა. საქმე ისაა, რომ ეს ყველას პროფესიონალების ნახელავი ეგონა. თუმცა როდესაც გარანტიების სანაცვლოდ, კონკრეტული გვარების დასახელება დაიწყო, სამართალდაცავები მიხვდნენ, რომ სიმართლეს ამბობდა... როგორც აღმოჩნდა, ზარაფხანა კარგად ორგანიზებულ კრიმინალთა დაჯგუფებას კი არა, ერთ ჩაუცმელ-დაუხურავ ადამიანთა ჯგუფს გაუძარცვავს, ამ აღმოჩენამ კრიმინალური სამყაროც გააკვირვა, ქურდული სამყარო ხომ (კანონიერი ქურდი გოგი ჩიქოვანი) დამნაშავეთა კვალს წლების განმავლობაში დაეძებდა. უფრო საკვირველი ის იყო, რომ მძარცველების ჯგუფში ქალიც იყო.

90-იანი წლების შუა ხანებში საქართველოში დიდი სიდუხჭირე იყო, ძარცვა-გლეჯვა ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა, იპარავდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ, მუზეუმებიდანაც კი გაჰქონდათ ექსპონატები... ერთ დღესაც სიღარიბით შეწუხებულმა რამდენიმე მეგობარმა იოლად გამდიდრება გადაწყვიტა, თუმცა ვერ მოიფიქრეს, რისი "გატანა" შეიძლებოდა, რადგან ბანდიტურ დაჯგუფებებს ყველაფერი ისედაც "გატანილი" ჰქონდათ. ზარაფხანის გაძარცვის იდეაც სწორედ მაშინ მოუვიდათ, თუმცა იმდენად წარმოუდგენლად მოეჩვენათ, რომ იდეის ხორცშესხმაზე უარი თქვეს, ვიდრე ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით ზარაფხანის დაცვის უფროსი არ გაიცნო.

დალი, მძარცველთა ჯგუფის წევრი:

- ერთ დღეს, ჩემი მეგობარი ჯემალი მესტუმრა. საუბრისას მან ახსენა, რომ ზარაფხანას დაცვის უფროსი გაუცვნია და ისიც გაუგია, რომ ქარხანა რემონტისთვის იკეტებოდა, სწორედ მაშინ დავფიქრდით ამაზე სერიოზულად, რადგან დაკეტილი ქარხნის გაძარცვა ბევრად იოლი იქნებოდა. ცოტა ხანში ჯემალის მეშვეობით დავუკავშირდით დაცვის უფროსს და ჩვენი გეგმა გავაცანით - გეგმის მიხედვით, ჩვენ, ისევე როგორც ზარაფხანის მუშებს, უნდა გვცმოდა ე.წ. "კამუფლიაჟი" და ქარხნის ტერიტორიაზე მათთან ერთად უნდა გვემუშავა სარემონტო სამუშაოებზე. იმის გამო, რომ რემონტის დროს იმ ოთახის კარებები, სადაც ოქროს

სეიფები იდგა" დასვარკებული" იყო, სეიფებში შეღწევა კედლის განგრევით უნდა მომხდარიყო, დაცვის უფროსის ერთადერთი მოვალეობა იყო კონკრეტულ დროს ისე დაეთრო თავისი თანამშრომლები, რომ მათ ჩვენი იქ ყოფნის შესახებ ვერაფერი გაეგოთ.

ივნისში ქარხნის ტერიტორიაზე ჩვენ, "მუშებმა" (სამნი ვიყავით - სულ საქმეში შვიდი კაცი გადიოდა) მანქანით შევიტანეთ ქვიშა, რაშიც დამალული გვქონდა რკინის საჭრელი აპარატი და სხვა იარაღები. პირველ დღეს მთელი დღე თვალის ასახვევად ქვიშის ტომრები ვზიდეთ, ხოლო როცა დაღამდა, სამუშაოს შევუდექით. დაცვის წევრები ისეთი მთვრალები იყვნენ, მკვდრებივით ეძინათ. მუშაობა მხოლოდ ღამით გვიწევდა, დღისით ისევ რემონტის" მუშები" ვიყავით... მესამე ღამეს კედელი გავანგრიეთ. სიგნალიზაცია ჩვენმა თანმხლებმა სპეციალისტმა გამორთო. სამი სეიფი უნდა გაგვეღო, ორ სეიფში ოქროს ზოდები ინახებოდა, ხოლო მესამეში ბრილიანტები და ძვირფასი თვლები, ოქროს სეიფები ჯემალიმ უპრობლემოდ გახსნა, იქ ერთკილოიანი ოქროს ზოდები ეწყო, ემოციებს ვერ ვმალავდით, ამდენი ოქრო ფილმებში თუ გვენახა, მესამე სეიფის გახსნა ვერ მოვახერხეთ, რკინის საჭრელი აპარატი გაგვიფუჭდა... ცუდ ხასიათზე დავდექით, რადგანაც ბრილიანტების გატანაც შედიოდა ჩვენს გეგმაში. ზარაფხანაში ვეღარ გავჩერდებოდით, რადგან გათენებამდე ტერიტორია უნდა დაგვეტოვებინა, დავიწყეთ ზოდების გატანა, ხელით გაგვქონდა, ბოლოს ერთიანად მანქანით გავიტანეთ და დიღმის ტყის გავლით სამშვიდობოს გავედით, ოქრო ჩანთებით კონსპირაციულ ბინაში მივიტანეთ, აღმოჩნდა, რომ ოქროსთან ერთად ვერცხლისა და ოქროს ბურბუშელაც წამოგვეღო... დილით ნაქურდალი გორში წავიღეთ, თუმცა ვერცხლის და ბურბუშელის მოშორება გადავწყვიტეთ (ფასი მაინც არ ჰქონდა დიდი) ზაჰესთან ახლოს გადავყარეთ მტკვარში. გორის რაიონში ჩავედით და ნაძარცვი ოქრო მიწაში დავფალით. დაცვის უფროსთან მუდმივად გვქონდა კავშირი, ისიც გვეუბნებოდა, რომ გაქურდვის შესახებ ცნობილი არ იყო, ქარხანაში მშვიდად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოებიო... ამასობაში ოქრო გავინაწილეთ, 33-33 კილოგრამი შეგვხვდა ძირითად ბირთვს, ის ადამიანებიც არ დავტოვეთ უკმაყოფილო, რომლებიც საქმეში დაგვეხმარნენ, დავიწყეთ ოქროს ნელ-ნელა გატანა... კლიენტის მოძებნა არ გამჭირვებია, თურქეთში ვყიდიდი, ყოველ ჯერზე მანქანით 5-10 კილოგრამი გადამქონდა, მანქანის ე.წ. კოვრიკებში დამალული, ნაწილი სტამბოლში გავყიდე, ნაწილი - ანკარაში.

ზარაფხანაში ძარცვის შესახებ მხოლოდ 3 თვის შემდეგ, სექტემბერში გაიგეს...

დავით ლორთქიფანიძე, ზარაფხანას ყოფილი დირექტორი:

- ეს შინაურის გაკეთებული იყო, რადგან კარი არა მხოლოდ დაკეტილი, დალუქულიც იყო. ზარაფხანაში 4 წელი ვიმუშავე და ვიცი, ოქრო სად და როგორ ინახებოდა, ის არ იყო პირველ სართულზე, სხვადასხვა სართულებზე იდგა სეიფები, თუმცა, როგორც ჩანს, "ვიღაცამ" ისინი ქვემოთ ჩამოიტანა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ძარცვის წინ ზარაფხანის თანამშრომლები, მოსალოდნელი რემონტის მიზეზით, შვებულებაში გაუშვეს ... ვერ დავიჯერებ, რომ ჩაუცმელ-დაუხურავ ადამიანებს ზარაფხანიდან სამი მილიონი ოქროს გატანა სხვის დაუხმარებლად შეეძლოთ...

იდგა თუ არა ვინმე ამ ჯგუფის უკან, ამის დადგენა სამართლდამცავებმა ვერც საქმის გახსნის შემდეგ შეძლეს, ვინაიდან ზარაფხანის ძარცვის სისხლის სამართლის საქმის ხანდაზმულობის ვადა მიიწურა, დაკავებულ ჯგუფის წევრებს (2012წ) ბრალი ვერ წაუყენეს, თუმცა ქალბატონ დალის მარიხუანას მოხმარებისთვის რამდენიმე თვე ციხეში ჯდომა მოუწია(?!)..

ნინო ბურჭულაძე

წყარო: "კვირის პალიტრა"

წაიკითხეთ ინგლისურად Georgian Journal-ზე