როგორ შოულობენ ფულს პატარა ქვეყნები

ისეთი პატარა ქვეყნები, როგორიც ერითრეა, ტუვალუ ანაც დომინიკაა, არასდროს მიეკუთვნებოდნენ ეკონომიკურად ძლიერ და მდიდარ ქვეყნებს. 

სწორედ ამიტომ თვითგადარჩენის მიზნით ასეთი ქვეყნები ფულის მოსაზიდად ახალ მეთოდებს მიმართავდნენ.

სენტ-კიტსი და ნევისი

პატარა კარიბული ქვეყანა სენტ-კიტსი და ნევისი, რომლის მოსახლეობაც სულ რაღაც 48 ათასი ადამიანია, შემოსავლის ერთადერთი წყარო კი შაქრის წარმოება, არასდროს იყო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა. თუმცა 2006 წელს შვეიცარიელი იურისტის კრისტინ კალინის დახმარებით, ქვეყანაში ახალი პროგრამა აამუშავეს. პროგრამის ტანახმად, უცხოელი ინვესტორი, რომელიც ადგილობრივ უძრავ ქონებაში 400 ათასი დოლარის ინვესტირებას მოახდენდა სენტ-კიტსი და ნევისის მოქალაქე ხდებოდა და მოქალაქეზე მორგებული ლოალური საგადასახადო მექანიზმით სარგებლობდა. პროგრამის დახმარებით, ქვეყანაში 2013 წლისთვის 100 მილიონი დოლარი შევიდა, რომ მშპ-ის დაახლოებით 13% იყო.

ნიუე

წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელშიც 1 190 ადამიანი ცხოვრობს. მრავალი წლის განმავლობაში ნიუეს ეკონომიკის მთავარი საყრდენი სოფლის მეურნეობა, თევზჭერა და ტურიზმი იყო. თუმცა, 1980-იან წლებში როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ თანხმობა განაცხადა მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი სატელეფონო კოდის გამოყენებაზე, ქვეყანაში დიდძალი თანხა შევიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქვეყნის ახალი ბიზნესის შემოსავლის მთავარი წყარო ინტიმური ტელეფონის მომსახურებისთვის ნიუეს სახელმწიფო სატელეფონო ნომრის შეთავაზება იყო. მომსახურების სანაცვლოდ ადგილობრივმა სატელეფონო კომპანიებმა საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემომავალ ზარებზე უზარმაზარი ტარიფები დააწესეს.

ტუვალუ

კიდევ ერთი პაწაწინა სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომლის მოსახლეობაც 11 ათასი ადამიანია. ტუვალუ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა, რომელსაც ფაქტობრივად არაფერი გააჩნია ეკონომიკური შემოსავლის თვალსაზრისით. წლების განამვალობაში, ქვეყანამ ნიუეს მაგალითს მიბაძა და საკუთარი სატელეფონო ხაზების გაყიდვა დაიწყო, რამაც ტუვალუს ბიუჯეტს თვეში 50 ათასი დოლარი მოუტანა, რაც ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ია. თუმცა ყველაფერი 1999 წელს შეიცვალა, როდესაც ტუვალუს ინტერნეტ-დომენი Tv მიენიჭა. დომენის გამოყენებაზე ტენდერი გამოაცხადდა, რომლის შედეგად გამარჯვებულმა კომპანიამ ქვეყანას 30 მილიონი დოლარი გადაუხადა, რითიც ტუვალუს მშპ თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ტუვალუ ყოველწლიურად იღებს 1 მილიონ დოლარს დომენის გამოყენების სანაცვლოდ.

ნაურუ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა რესპუბლიკის მოსახლეობა 9 540 ადამიანია. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ნაურუ საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო ფოსფატების ექსპორტის წყალობით, რის გამოც თითქმის ყველა ადგილობრივს ძვირად ღირებული სახლები და მანქანები ჰყავდა. თუმცა 90-იანი წლების დასაწყიში ნაურუმ უცხოურ წარმოებებში დაიწყო ინვესტირება, რაც წამგებიანი აღმოჩნდა. ნაურუს ეკონომიკური მდგომარეობა კი ფაქტობრივად მას შემდეგ გაუარესდა, რაც ქვეყნამ 2 მილიონი ფუნტის ინვესტირება მოახდინა ვესტ-ენდში მუსიკალური პიესის დადგმაში. ეკონომიკური კრიზისის თავდასაღწევად ნაურუს ხელისუფლებამ მოქალაქეობის უფლების მინიჭება გადაწყვიტა იმ პირებისთვის, ვისაც ავსტრალიაში შეშვება ეკრძალება.

დომინიკა

კარიბის ზღვაში მდებარე ქვეყანა, რომელმაც კარგად ისარგებლა ჩინეთსა და ტაივანს შორის არსებული უთანხმოებით. 2004 წელს დომინიკამ განაცხადა, რომ უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში 110 მილიონი დოლარის მიღების სანაცვლოდ მხარს უჭერს ტაივანს. მსგავსი მაგალითი ჰქონდა გრენადასაც, რომელმაც 2003 წელს განაცხადა, რომ ტაივანის მხარდამჭერია, თუმცა ორ წელიწადში ჩინეთის მხარდამჭერთა რიგებში გადაინაცვლა. სანაცვლოდ, ჩინეთმა გრენადას ძვირად ღირებული სტადონის მშენებლობა დაუფინანსა.

ერითრეა

აღმოსავლეთაფრიკული ქვეყანა დღემდე დიქტატურის ქვეშ არის, რის გამოც ერითრეას ათასობით ადამიანი ტოვებს და კეთილდღეობას სხვა ქვეყანაში ეძებს. თუმცა, მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინებას, ხელისუფლებას ფულის შოვნის ახალი იდეისკენ უბიძგა. შედეგად, დაწესდა „დიასპორის გადასახადი“, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები ყველა ერითრიელმა შემოსავლების 2% უნდა გადაუხადოს იმ ქვეყნის ხელისუფლებას, რომელსაც გაექცა.