ექსპერტები ლარის კიდევ უფრო გამყარებას ვარაუდობენ

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში დღეს ერთბაშად ექვსი პუნქტით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულებამ 2.3575 ლარი შეადგინა.

თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, დოლარის საბაზრო კურსი 2.25-2.30 ლარია.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ლარის გამყარებას საგარეო ფაქტორების მეტ-ნაკლებად დასტაბილურებას, ტურისტული შემოსავლების მცირედით ზრდას და ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის გაზრდას უკავშირებს.

”ლართან დაკავშირებული დადებითი ტრენდი რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ საგარეო ფაქტორები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, ამან დადებითი გავლენა იქონია ლარის კურსზე. მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა ტურისტული შემოსავლები. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ზამთრის სეზონის დამთავრების შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა”, - ამბობს ლევან კალანდაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი ბიუჯეტის ხარჯვის პოლიტიკის გეგმაზომიერად განხორციელებაა.

"2016 წლის ბიუჯეტის პროცესი თანმიმდებრულად მიმდინარეობს, ხარჯვის პოლიტიკა გეგმაზომიერად ხორციელდება, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული შიდა ვალის კომპონენტი”, - ამბობს ექსპერტი.

ლევან კალანდაძის პროგნოზით, ლართან დაკავშირებული დადებითი ტენდენცია მიმდინარე თვეებში კიდევ უფრო გაგრძელდება.

"გაზაფხული-ზაფხულის სეზონი ყოველთვის ხასიათდება ლარის გამყარების ტრენდით, ამას თუ დაემატა ისიც, რომ ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ეფექტიანი პოლიტიკა შედეგზე ორიენტირებულ იქნა, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ არა მხოლოდ სტაბილურობა ლართან დაკავშირებით, არამედ გარკვეული გამყარების ტენდენცია. არ არის გამორიცხული, რომ 2.2 ნიშნულამდეც მარტივად მოხერხდეს წლის განმავლობაში დაკორექტირება", - განუცხადა ლევან კალანდაძემ "ბიზნესპრესნიუსს".