ივანიშვილის დაკარგული მილიონების საიდუმლო

“დაკარგული მილიონების საიდუმლო“ , - ამ სათაური აქვეყნებს გერმანული გამოცემა Handelsblatt სტატიას, რომელიც Credit Suisse-ის ბანკირის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებულ ზარალს ეხება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, Credit Suisse-ის ბანკირმა აღმოსავლეთევროპელ კლიენტს ასობით მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო სკანდალია შვეიცარიული ბანკის ბოლოდროინდელ ისტორიაში.

„ეს კლიენტი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ, მილიარდერი ბიზნესმენი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი. საქმე ალბათ, ყველაზე დიდი საინვესტიციო სკანდალია შვეიცარიის ბოლო წლების ისტორიაში. ჟენევის პროკურატურამ ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალი სულ მცირე 100 მილიონ შვეიცარულ ფრანკად (დაახლოებით 103 მილიონ დოლარად) შეაფასა“, - წერს გამოცემა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, Credit Suisse-ის ბანკის წინააღმდეგ სარჩელი ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ორმა რუსმა ბიზნესმენმაც შეიტანა. მთავარი ეჭვმიტანილი საქმეში ფაბრიკ ლეკომპტეა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, თუმცა უახლოეს პერიოდში მიყენებული ზარალის ანაზღაურება შესაძლოა, თავად ბანკსაც მოუწიოს.

სტატიის თანახმად, ბევრი რამ კვლავაც გაურკვეველია. თუმცა ცნობილია, რომ ფრანგი ფაბრიკ ლეკომპტე Credit Suisse-ში სამუშაოდ „ივ როშედან“ 2005 წელს გადაბარგდა. ბანკში ის პასუხისმგებელი იყო მდიდარ კლიენტებზე პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, რომელთათვისაც ჟენევა სასურველი საბანკო ლოკაცია იყო.

„2006 წელს ფინანსურმა მრჩეველმა თავის ორ კლიენტის პორტფელისთვის უძრავი ქონების დეველოპერი კომპანია Meinl European Land-ის აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით მან შექმნა დამხმარე ანგარშები ისე, რომ კლიენტებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ შენაძენების თაობაზე“, - აღნიშნავს ადვოკატი ჯორჯიო კამპა.

სტატიის თანახმად, ფინანსური კრიზისის გამო Meinl European Land-ის აქციები დაეცა, თუმცა ამ დანაკარგის აღიარების ნაცვლად, ლეკომპტემ დანაკლისის შევსება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ფულით დაიწყო.

„ფინანსურმა მრჩეველმა სხვა მომხმარებელთა ანგარიშზე დაახლოებით 100 მილიონი ფრანკი გადარიცხა. ამ ტრანზაქციის შესახებ ჩემმა კლიენტმა არაფერი იცოდა“, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი მარკ ჰენზელინი.

სტატიის თანახმად, საქმესთან დაახლოებულმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ ლეკომპტემ თავისი კლიენტების აქტივები გირაოს სახით გამოიყენა.

საბოლოოდ ლეკომპტეს მაქინაციები მაშინ გაირკვა, როდესაც მან ინვესტიცია მოახდინა მცირე ზომის ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიში Raptor Pharmaceuticals.

“გასული წლის სექტემბერში კომპანია გაკოტრდა, რის შედეგადაც ლეკომპტეს კლიენტებს მილიონობით თანხის გადახდა მოუწიათ. თუმცა, ლეკომპტეს ადვოკატი უარყოფდა და აცხადებდა, რომ ინვესტიციები არ განხორციელდებოდა ისე, რომ ბანკირის კლიენტებს ამის შესახებ არაფერი სცოდნოდათ“, - ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს რამდენიმე პასუხგაუცემელი შეკითხვა. როგორც Handelsblatt-სთვის გახდა ცნობილი, არსებობს მიმოწერა ლეკომპტესა და ივანიშვილის პერსონალურ ფინანსურ მრჩეველს შორის და ეს ელექტრონული მიმოწერა გამოცემამ თავად ნახა.

„მიმოწერაში მხარეები 2013 და 2014 წლებში Raptor-ის შესახებ საქმეს განიხილავდნენ. მიმოწერა Gmail-სა და Hotmail-იდან ხდებოდა და არა Credit Suisse-ის სერვერით, რაც ბანკის წესების დარღვევაა. მარტო ეს ფაქტიც კი საგანგაშო სიგნალი უნდა ყოფილიყო კლინტისთვის“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისის დოკუმენტების თანახმად, 2014 წლის მაისისთვის ბიძინა ივანიშვილი, ფორმალურად თუ არა ფორმალურად, Raptor-ის 22,29 პროცენტს ფლობდა.

„თუმცა, ივანიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ ქართველ მილიარდერს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ Raptor-ში ამხელა ინვესტიცია ჰქონდა. მათი თქმით, ლეკომპტემ აქციები დერივატივებისა და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით შეიძინა საკომისიოს მიღების მცდელობის მიზნით“, - ნათქვამია სტატიაში.

ლეკომპტეს ადვოკატის განცხადებით, თითქმის დაუჯერებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სცოდნოდა, რა ხდებოდა მის ანგარიშებზე.

„ბევრი შეკითხვა რჩება პასუხის გარეშე - რა იცოდა ქართველმა მილიარდერმა? იშოვა თუ არა ფული ლეკომპტემ მისი კლიენტების ქონებიდან?“, - აღნიშნავს ბანკირის ადვოკატი.

„და კიდევ ერთი შეკითხვა - რა იცოდა Credit Suisse-მა? შვეიცარიული ტრადიციების თანახმად, ბანკი დუმს - „ეს ცალკეული ქეისია. ბანკი შეუწყნარებელია დანაშაულთან“, - აღნიშნავენ ბანკში.

ამასთან, სტატიის თანხმად, ივანიშვილის ადვოკატები ძალზე სკეპტიკურად არიან განწყობილი და ამბობენ, რომ ბანკს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ლეკომპტეს ტრანზაქციები.

„ამგვარ რთულ ტრანზაქციებში სხვა ბევრი დეპარტამენტიც იყო ჩართული, როგორიც მაგალითად, საკრედიტო დეპარტამენტია. ან მათ თვალი დახუჭეს ან მისტერ ლეკომპტეს ვიღაც შიგნიდან ეხმარებოდა“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი.

თებერვალში ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან სამართლებრივი დავა დაიწყო მისი საინვესტიციო პორტფელის არასათანადოდ გამოყენების გამო, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მას.

როგორც გასულ თვეს The Wall Street Journal წერდა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა დაახლოებით 100 მლნ შვეიცარიული ფრანკი დაკარგა. სტატიის თანახმად, გასული წლის დეკემბერში და შემდეგ, მიმდინარე წლის იანვარში, ივანიშვილმა ჟენევის პროკურორს რამდენიმე საჩივრით მიმართა და ბანკ Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტსა და თაღლითობის ფაქტებზე მიუთითა.