შარშან ვალების გამო ქონება ათასზე მეტ ადამიანს გაუყიდეს!

გადაუხდელი სესხის გამო, 5 წელიწადში, 10 ათასამდე ოჯახს ქონება გაუყიდეს. მალე, უსახლკაროთა არმიას, შეიძლება კიდევ რამდენიმე ათასი მიემატოს. მოვალეთა რეესტრში მოხვედრილი ადამიანების რიცხვი ყოველთვე იზრდება. ქონებაჩამორთმეული ოჯახების ნახევარზე მეტი მევახშეებმა იმსხვერპლეს, ქონების მეოთხედი კი კომერციულმა ბანკებმა დაისაკუთრეს.

"ბანკები და ფინანსები" არაერთხელ წერდა, რომ საქართველოში მსესხებელთა უფლებებს არავინ იცავს, მაშინ როდესაც გამსესხებლებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. ცალმხრივი ხელშეკრულებებით, გამსესხებელს აქვს უფლება მევალეს პირობები როგორც უნდა, ისე შეუცვალოს. ასევე, ხელშეკრულებაში ბუნდოვნად გაწერილი მუხლები საკუთარ ინტერესებს მოარგოს, შემდეგ ძალაუფლებისა და ფულის მქონე ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა, კარგი ადვოკატი დაიქირავოს და მსესხებელს ძალიან მოკლე პერიოდში გაცემულ სესხზე რამდენჯერმე მეტი ქონება წაართვას.

საქართველოში საფინანსო ბაზარი აბსოლუტურად დაურეგულირებელია, სახელმწიფო კი ამ საფრთხეს ვერ ხედავს. ამასობაში მარტო 2015 წელს 1,410 ათასი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" მონაცემებით, აღსრულების ბიუროს მიერ გაყიდული უძრავი ქონება 2014 წელს 1,343 ათასი იყო, 2015-ში მისი რაოდენობა 67-ით (5%) გაიზარდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 5%-ით არის გაზრდილი, ანუ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 2015 წელს 1,410 ათასი უძრავი ქონება გაასხვისა.

ამ მონაცემების მიხედვით, იპოთეკით დაგირავებული, გაყიდული, უძრავი ქონების 51% (720) კერძო მევახშეებზე მოდის. კომერციულ ბანკებზე - 27,4% (387), მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაყიდული ქონების 16% (225) შეხვდათ, სხვა იურიდიულ პირებს 5,5% (78).

"მონაცემებიდან იკვეთება, რომ კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი აუქციონის წესით რეალიზებულ უძრავ ქონებაში შედარებით მცირეა (27,4% და 16%), რაც იმით შეიძლება ავხსნათ, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ბანკებისთვის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ვალის ამოღების უკანასკნელი ფორმაა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მას", - აცხადებენ "საზოგადოება და ბანკებში".

თუმცა, სპეციალისტების გათვლით, აქ ბანკების ზეგავლენა 60%-საც კი აჭარბებს. ხშირად ადამიანი ქონებას თავად ყიდის, რათა ბანკს ვალი გადაუხადოს. საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ საბანკო სექტორში მომხმარებლების ინტერესი აბსოლუტურად იგნორირებულია, რაც კანონმდებლობის ხარვეზია. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, რომელთა მიმართ რეგულაცია არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სუსტია.

ამასთან, საქართველოს საფინანსო სექტორის 90% არის კომერციული ბანკების საკრედიტო თანხები. ამიტომ მათ მიმართ მოსახლეობის დავალიანება არის ყველაზე უფრო მაღალი, ვიდრე მიკროსაფინანსოების და სხვა საკრედიტო დაწესებულებების მიმართ, მათ შორის, კერძო პირების.

"უძრავი ქონების დასაკუთრების მეტი წილი, რა თქმა უნდა, კომერციულ ბანკებზე უნდა მოდიოდეს, განსაკუთრებით თანხობრივ გამოსახულებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომერციული ბანკები არა მარტო ისაკუთრებენ გირაოში ჩადებულ ქონებას, არამედ მსესხებლებს აიძულებენ, ან მსესხებლები თავისი ინიციატივით ყიდიან ქონებას იმისათვის, რომ ბანკის ვალი გაისტუმრონ. ფაქტობრივად, გამოდის, რომ არა მარტო ეს 27,4%, არამედ, კომერციული ბანკების ზეგავლენა უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციაში 60%-საც კი აჭარბებს", - აცხადებს ელიავა და დასძენს, რომ არსებული პრაქტიკით, კომერციულ ბანკს ურჩევნია თვითონ მსესხებელმა გაყიდოს თავისი უძრავი ქონება და დაფაროს დავალიანება, ვიდრე საკუთარ თავზე აიღოს გასხვისების ხარჯი, ვინაიდან ეს დამატებითი დატვირთვა და შრომაა ბანკისთვის.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ეკონომისტების აღნიშვნით ისინი იპოთეკურ სესხებს საერთოდ არ უნდა გასცემდნენ, ეს მათი კომპეტენცია არ არის. წესით, ისინი დამწყებ ბიზნესს უნდა ეხმარებოდნენ. ამ შემთხვევაში, მიკროსაფინანსოების საქმიანობაც კანონმდებლობით არის დასარეგულირებელი. თუკი სესხის მაქსიმალური ზღვარი 50 000 ლარი 15000-20000-მდე შემცირდება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იძულებულები იქნებიან, რომ მარტივ მოგებაზე უარი თქვან და საკუთარი ფუნქცია შეასრულონ.

მევახშეების მიერ უძრავი ქონების დატოვების პრაქტიკა კი, ელიავას აზრით, საერთოდ აღსაკვეთია. თუ ვინმეს ფინანსური საქმიანობა სურს უნდა დარეგისტრირდეს როგორც იურიდიული პირი და დაემორჩილოს ზოგად წესებს, რომელიც საკრედიტო ბაზარზე არსებობს.

"ესეც არის აუცილებლად აღსაკვეთი ან მათთვის სპეციალური კანონი უნდა დაიწეროს. მევახშეებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება გირაოთი უძრავი ქონება ისე აიღონ, რომ შემდგომ, მიუხედავად სესხის მოცულობისა, და გირაოს ღირებულებისა, მთლიანად დაისაკუთრონ. ეს ველური ბაზარი მოსაწესრიგებელია", - აცხადებს ლია ელიავა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2011-2015 წლებში ამ ორგანიზაციამ 9,378 ქონება გაასხვისა. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს სარჩენად საკრედიტო ორგანიზაციებისგან გაღატაკებულთა ახალი ფენა მიემატა. მოსახლეობის ნაწილი კი იძულებულია ფულის საშოვნელად საზღვარგარეთ გადაიხვეწოს და ქართველ ემიგრანტთა დიდ არმიას შეუერთდეს.

და მაინც, ყველაზე უცნაური არის ის, რომ წლების განმავლობაში ფინანსისტთა საზოგადოება და ხელისუფლებაც კი, ამ პროცესში ერთადერთ დამნაშავედ მსესხებელს ხედავს. მათი პოზიცია არის - თუ ვინმეს სესხის გადახდის თავი არ აქვს, არ უნდა ისესხოს, თურმე მოსახლეობა ფინანსურად გაუნათლებელია. რატომღაც "განათლებულ" ხელისუფლებას მუდმივად ავიწყდება ის, რომ "გაუნათლებელი" ხალხი მათ იმიტომ ქირაობს და უხდის ხელფასს, რომ მათი უფლებები დაიცვან - ხარბი გამსესხებლებისგან, დამქირავებლებისგან. ან შექმნან სამუშაო ადგილები, რომ ადამიანებს გადასარჩენად მევახშეებთან სირბილი აღარ უწევდეთ.

მაკა ვარადაშვილი

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"