საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 8 მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. როგორც თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე ხსენებული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს, იმ შემთხვევაში თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორციელებას შეძლებენ.
ქარსელაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2 266 500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორ მილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას.
”8 მასშტაბური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა არის უპრეცედენტო მოვლენა, რაც არა თუ ერთ ცალკეულ ინვესტორს, არამედ 2012 წლამდე არსებული არცერთი ხელისუფლების პირობებში არ განხორციელებულა.
განსაკუთრებულია ის სიახლეები და ექსკლუზივები, რომლებიც იქმნება ამ პროექტებით და რომელიც დედაქალაქისა და ქვეყნის ახალი სავიზიტო ბარათები გახდება. სწორედ ასეთი გამორჩეული შეთავაზებები, ახალი სივრცეები შექმნის უნიკალურ შესაძლებლობებს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საერთაშორისო მასშტაბით.
წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან დღეის მდგომარეობით პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.
”შთამბეჭდავია სხვა სოციალური სიკეთეები, რომლებიც პროექტების განხორციელების შედეგად იქმნება: მშენებლობების პროცესში ჯამურად დასაქმდება 15,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ პირდაპირ მუდმივად დასაქმდება დაახლოებით 2,500 ადამიანი”, - განაცხადა ქარსელაძემ.
ქარსელაძემ დღესვე საზოგადოებას პროექტების სია გააცნო. კერძოდ განხორციელდება პროექტები - 1. სასტუმრო შეკვეთილი, ინვესტიციის მოცულობა, 75მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2016 წელს; 2. სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა 9 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2017 წელს; 3. II სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს; 4.სასტუმრო ”თავისუფლების მოედანი”, ინვესტიციის მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 5.თაბორის პროექტი, ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 6.სასტუმრო ”განმუხური”, ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 7. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ”მაგნოლია”, ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს; 8.სასტუმრო სოლოლაკი, ინვესტიციის მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს.