დოიჩე ბანკის თანამშრომელმა ბანკისგან 8,25 მილიონი დოლარის ჯილდოზე უარი თქვა

„დოიჩე ბანკის“ ყოფილმა თანამშრომელმა, რომლის ჩვენებების საფუძველზეც გერმანული ბანკი დანაკარგების დამალვაში ამხილეს, 8,25 მილიონი აშშ დოლარის ჯილდოზე უარი თქვა.

ერიკ ბენ-არცის აღნიშნული თანხა აშშ-ის ფასეული ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ შესთავაზა, რაც აღნიშნული კომისიის ისტორიაში სიდიდით მესამე ჯილდოა.

ბენ-არციმ ამერიკული მარეგულირებელი ორგანოს შემოთავაზებაზე იმის გამო თქვა უარი, რომ, მისი თქმით, კომისიამ „დოიჩე ბანკის“ ხელმძღვანელების წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების მიღებაზე უარი თქვა და მხოლოდ 55 მილიონი აშშ დოლარის ჯარიმით შემოიფარგლა.

გარდა ამისა, ბენ-არცის ცნობით, სკანდალის შემდეგ „დოიჩე ბანკის“ ბევრი მაღალი რგოლის იურისტი სამუშაოდ სწორედ ფასეული ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში გადავიდა.

„დოიჩე ბანკის“ წინააღმდეგ გამოძიება გასულ წელს დასრულდა. როგორც აღმოჩნდა, 2008-09 წლებში, ფინანსური კრიზისის ყველაზე მწვავე პერიოდში, ბანკი საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას მალავდა.

„დოიჩე ბანკი“ სწორედ ერიკ ბენ-არცის ჩვენებების საფუძველზე ამხილეს. ამერიკელ რეგულატორებს ინფორმაცია თაღლითური სქემების შესახებ მიაწოდა „დოიჩე ბანკის“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მეტიუ სიმონსმა.

ბენ-არცისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელს აშშ-ის ფასეული ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ჯილდოზე უარი არ უთქვამს.