ბიზნესმენ მინდია გულუაზე თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში უცნობი პირი ცნობილ ქართველ ბიზნესმენს, მინდია გულუას თავს დაესხა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ქართველი ბიზნესმენი დაჭრა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში თავდამსხმელმა საკუთარი ავტომობილი დაწვა და სხვა მანქანაში გადაჯდა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

გულუა ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ქართველ ბიზნესმენს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს გამოძიება.

რუსული პრესის ცნობით, 47 წლის მინდია გულუა კრასნოდარში არყის ქარხანას ფლობს.

გულუაზე თავდასხმის მცდელობა 2009 წელსაც განხორციელდა, მაშინ ბიზნესმენის ავტომობილში აფეთქება მოხდა.