რეგიონებში უძრავი ქონების ბაზარზე ფასიც და მოთხოვნაც შემცირებულია.
ერთადერთი გამონაკლისია ბათუმი, სადაც სამშენებლო სექტორი განვითარებას ახერხებს და ისიც უცხოელი მოქალაქეების ხარჯზე. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, საცხოვრებელი ბინების გაყიდვის ნახევარი უცხოელ მოქალაქეებზე მოდის. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უძრავი ქონების ფასი კი ზაფხულში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება მეორად ბინებსა და საცხოვრებელ სახლებს, მოთხოვნა თითქმის არ არის.
როგორც აღმოჩნდა, სახლებს, ძირითადად, კომერციული დანიშნულებით ყიდულობენ. ისიც მხოლოდ ტურისტულ რეგიონებში. ხალხს რეგიონში სახლის შეძენისა და საცხოვრებლად გადასვლის სურვილი არ აქვს, მიუხედავად მატერიალური შესაძლებლობისა.
ჯერჯერობით მიმზიდველია ის ტერიტორიები, სადაც ტურისტული აქტივობა შეინიშნება. სხვა მხრივ კი, როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რეგიონი სამშენებლო ინფრასტრუქტურისთვის უინტერესო გახდა.
უძრავი ქონების კომპანია "სასტუმროები.გე"-ს დირექტორი გიორგი კომახიძე განმარტავს, რომ ბათუმში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნამ მოიმატა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან. განსაკუთრებით რუსები, უკრაინელები, ყაზახები და მოლდოველები აქტიურობენ.
"ბათუმში ბინებს, უმეტესწილად, ყიდულობენ იმ მიზნით, რომ შემდეგში გააქირავონ და სარგებელი ნახონ. ყიდულობს ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს - როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოქალაქე. ისინი, ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არიან. ბათუმი ტურისტული შესაძლებლობებიდან გამომდინარეა მიმზიდველი. უფრო ახალ კორპუსებში ცდილობენ ფართების შეძენას. მეორადი კორპუსები და სახლები მყიდველისთვის უინტერესოა.
მართალია, ფასმა იკლო, მაგრამ ამ სეგმენტში რეალიზაციის გაუმჯობესება მაინც ვერ ხერხდება. შეიძლება ითქვას, რომ ძველი სახლების გაყიდვა აჭარის რეგიონში ძალიან ჭირს. ამიტომ ხალხიც უკიდურეს სიტუაციაში ცდილობს გაყიდვას, მაგალითად, როცა ბანკის ვალი აქვს და სხვა გამოსავალი არ გააჩნია. ასეთ დროს სახლს მფლობელი მინიმალურ ფასში ყიდის", - ამბობს კომახიძე.
უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსების ინფორმაციით, რეგიონებში საცხოვრებელი სახლის გაყიდვას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რადგან იქ ცხოვრება და მით უმეტეს, სამუდამოდ დამკვიდრება, არავის სურს.
ექსპერტ მზია თოლორდავას შეფასებით, რეგიონებში არსებულ უძრავი ქონების ბაზარზე დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც 2-3 წლის წინათ. ფასი დაბლა მიდის, ხოლო მყიდველი რეალურად არ არის. "მშენებლობა, თუ არ ჩავთვლით ბათუმს და კიდევ რამდენიმე ტურისტულ ზონაში მიმდინარე სახელმწიფო დაკვეთებს, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. მოთხოვნა მცირედით გაიზარდა ანაკლიაში, ხოლო აჭარა ცალკე სეგმენტია და გაყიდვის მხრივ ბაზარზე მოწინავე პოზიცია უჭირავს.
სამშენებლო სექტორისთვის რეგიონებში საინტერესო ვითარება მაინცდამაინც არ არის. სადმე თუ უძრავი ქონებისადმი ინტერესი გამოიკვეთა, ის სასოფლო-სამეურნეო მიწებს უკავშირდება. ბოლო დროს მოთხოვნა შედარებით დიდია მიწის ნაკვეთების მიმართ.
სიმართლე გითხრათ, მიჭირს ბათუმი სხვა რეგიონების კონტექსტში განვიხილო. იქ უძრავი ქონების ბაზარი მეტ-ნაკლებად აქტიურია. სხვაგან, ორიოდე გამონაკლისის გარდა, რადიკალური ცვლილება არ შეიმჩნევა. ბოლო დროს მოთხოვნა გაჩნდა ანაკლიაშიც, სადაც გაიზარდა როგორც საცხოვრებელი სახლის, ასევე მიწის ფასიც", - ამბობს თოლორდავა.
მისივე თქმით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის თვალსაზრისით, გურია "მკვდარია". წვრილ-წვრილი კოტეჯების მშენებლობა მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთში. ბორჯომში ასეთი ტიპის პროექტები უკვე დამთავრდა.
რეგიონებში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებშიც ხშირად ვაწყდებით. შევეცადეთ, დავკავშირებოდით რამდენიმე განცხადების ავტორს, თუმცა სახარბიელო ვერც მათგან მოვისმინეთ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლევან დარჩია ამბობს, რომ წინაპრების სახლს ყიდის სოფელ ნორიოში. მის განცხადებას სოციალურ ქსელში, როგორც თავად ამბობს, ყავლი გაუვიდა, მაგრამ რეალური მყიდველი არ გამოჩნდა.
"წელიწადზე მეტია, განცხადებას ვაქვეყნებ. ძველი სახლია ხეხილით. ფასიც მისაღებია, მაგრამ ინტერესი არავის გამოუჩენია. მხოლოდ რამდენიმე ზარი შემოვიდა, სოფლის ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ. ეს იყო და ეს, რეალურ მყიდველს ველოდები დღესაც, მაგრამ არ ჩანს. დედაქალაქიდან სოფელში საცხოვრებლად არავინ ჩამოვა, ხოლო ადგილობრივებს გაქცევისკენ უჭირავთ თვალი. ასეთი მიდგომა თუ არ შეიცვლება და სოფელი არ დაფასდება, ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწევთ წინ", - ამბობს ზუგდიდელი ლევან დარჩია. სახლის გაყიდვა, როგორც აღმოჩნდა, ვასო ტყემალაძეს ბაკურიანშიც უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული ზონაა, უძრავ ქონებას რეალური მყიდველი არ ჰყავს.
"ორსართულიანი სახლია ყველა აუცილებელი პირობით, 40 000 დოლარს ვაფასებ, მაგრამ ძალიან ცოტა მიკავშირდება. ყველა იაფად ცდილობს ყიდვას, რის გამოც რამდენიმე შეთანხმება ჩავშალე. ვისაც სასტუმროს მშენებლობა არ უნდა და კონკრეტული ბიზნეს-გეგმა არ გააჩნია, ვერ დააინტერესებ. ასეთი კი ირგვლივ ძალიან ცოტაა. გაყიდვაც, ალბათ, ამიტომ მიჭირს", - ამბობს ვასო ტყემალაძე.
წლობით იყიდება სახლები რაჭაში. ადგილობრივებს ძნელად ახსენდებათ, ვინმეს უძრავი ქონება შეეძინა, თუ არ ჩავთვლით სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომელიც შეიძლება ადგილობრივმა იყიდოს, ისიც იშვიათ შემთხვევაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბნიდან მურუსიძეების ოჯახი 20 წლის წინ წამოვიდა. ოჯახის დიასახლისი ნელი მურუსიძე ამბობს, რომ სახლ-კარის გაყიდვას ამაოდ ცდილობს, რადგან რეალურად ეს შეუძლებელია.
"ხალხი სამუდამოდ წამოვიდა ისე, რომ უკანაც არ მოუხედავთ ბუნებრივია, სახლის გაყიდვა უნდათ და მცირედსაც დაჯერდებიან, მაგრამ მყიდველი ყოველთვის პრობლემაა. პირადად მე, სახლის გაყიდვა 5 წლის წინ გადავწყვიტე. განცხადებებს ინტერნეტსა და ბეჭდურ მედიაში მუდმივად ვაქვეყნებ, მაგრამ არავინ არ რეკავს. დიდი ქალაქებიდან რაჭაში წამსვლელი აღარავინ არის, სოფელში კი სულ რამდენიმე ოჯახია, საკუთარსაც ძლივს უვლიან, სახლის ყიდვა არავის სჭირდება. რაჭაში მიწის გაყიდვა უფრო შესაძლებელია. იშვიათ შემთხვევაში, ვენახის გასაშენებლად ყიდულობენ, ესეც მას შემდეგ, რაც მთის კანონი შეიცვალა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნელი მურუსიძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეონანსი"