ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლის

ახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე მხოლოდ #61-ე მარშრუტზე ივლის, ხოლო მეორე ეტაპზე - #51-ე მარშრუტზე , - ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”ჩემი კითხვის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, სულ 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, მათი ნაწილი დაემატება არსებულ ავტობუსებს, ნაწილი კი ძველებს ჩაანაცვლებს.

”რეალურად, პრობლემა არის ის, რომ პიკის საათებში არის ტრანსპორტის სიმცირე. უკვე ვიცით, ამ პრობლემას როგორ ვებრძოლოთ. ახალი ავტობუსების პირველი ნაკადი 28-ში შემოვა. რაოდენობა დღეს დედაქალაქში ავტობუსების არის 512, რომელიც გადის ხაზზე, ავტობუსების დამატების შემდეგ კი ეს რაოდენობა გაიზრდება 600-მდე და გადაჭედილი აღარ იქნება. ავტობუსები იქნება კომფორტული და დატვირთვა გაიზრდება”, - განაცხადა მუმლაძემ.

მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს ვალდებულება, რომ ყველა ავტობუსი მომავალი წლის თებერვლის ბოლომდე შემოიყვანოს. ”ახალ ავტობუსებს მომზადებული კომპანია დახვდება აქ, რომელიც დაამონტაჟებს სალარო აპარატებს, ასევე მოხდება მძღოლების დატრენინგება. პირველ 10 ავტობუსს ალბათ 5-6 რიცხვში გავუშვებთ ხაზზე, #61 ავტობუსის მარშრუტზე”, - აღნიშნა მუმლაძემ.