30 000 ოჯახს ინტერნეტისთვის 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა

ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" ფარგლებში, 30 000 ოჯახს ინტერნეტის ინსტალაციისა და კომპიუტერის შესაძენად 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა.

ამის შესახებ allnews.ge-ს პროექტის მენეჯერმა, ბესო აბულაძემ განუცხადა.

პროექტს, რომელსაც მსოფლიო ბანკი 40 მილიონ ევროთი დააფინანსებს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო გაზაფხულიდან განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება 8 მსხვილი და 50 მცირე ზომის ინოვაციური ცენტრის შექმნა.

ბესო აბულაძის განმარტებით, ვაუჩერი ერთჯერადი იქნება და მომხმარებელს ინტერნეტის ინსტალაციისა და კომპიუტერის შეძენისას თანადაფინანსებისთვის გადაეცემა.

"ვაუჩერი აკომპენსირებს ინტერნეტის პირველადი ინსტალაციის თანხას და კომპიუტერის შეძენის დროს ხდება კომპიუტერის ღირებულების დაახლოებით 20%-მდე თანადაფინანსება", - განაცხადა ბესო აბულაძემ.

გარდა ინოვაციური ცენტრისა, პროექტის ფარგლებში, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ასათვისებლად, მოსახლეობას სპეციალური ტრენინგებიც ჩაუტარდება.