პარიზის მოდის კვირეულმა დედაქალაქის ბიუჯეტს 1,2 მილიარდი ევრო მოუტანა

პარიზში რამდენიმე დღის წინ გამართულმა მოდის კვირეულმა საფრანგეთის დედაქალაქის ბიუჯეტს 1,2 მილიარდი ევროს შემოსავალი მოუტანა.

წლის განმავლობაში პარიზში მოდის კვირეული ექვსჯერ იმართება და ქვეყნის ეკონომიკისთვის ყოველწლიურად ჯამში 10,3 მილიარდი ევრო მოაქვს.

საფრანგეთში მოდის ინდუსტრია 150 მილიარდ ევროდაა შეფასებული, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,7%-ია. ეს მაჩვენებელი აღემატება საფრანგეთის საავიაციო ინდუსტრიასა და ავტომობილების წარმოებას. ქვეყნის მოდის ინდუსტრიაში დასაქმებულია მილიონი ადამიანი.

გასულ კვირას პარიზში დასრულებულ მოდის კვირეულზე საკუთარი უახლესი კოლექცია წარადგინეს ისეთმა მოდის სახლებმა, როგორიცაა „ლანვინი“, „ნინა რიჩი“, „ბალენსიაგა“, „ჟივენში“, „კენზო“, „შანელი“ და სხვა.

კოკა კვირკველია