”სახალხო აფთიაქი” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება

”სახალხო აფთიაქი” მათთან შეძენილ მედიკამენტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

”2016 წლის 16 ოქტომბერს სოციალურ ქსელში აიტვირთა ვიდეო, რომელშიც მომხმარებელი “სახალხო აფთიაქში” შეძენილ ”ესენციალ ფორტეს” კაფსულებს ხსნის და აჩვენებს, რომ კაფსულები ცარიელია.

მომხმარებლის საყურადღებოდ: ”ესენციალ ფორტეს” კაფსულების შიგთავსი არის ჟელესმაგვარი ნივთიერება, რომელიც კაფსულიდან მხოლოდ ხელის მოჭერის შემდეგ გამოდის. ეს ინფორმაცია მითითებულია წამლის ანოტაციაშიც.

მივმართავთ იმ ადამიანებს, ვინც საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე გააზიარა ეს ინფორმაცია, ვინც ფიქრობს, რომ ვიდეოს შინაარსი სინამდვილეს შეესაბამება:

”სახალხო აფთიაქში” არსებული მედიკამენტების უკან დგას ის კომპანიები, რომელთა სანდოობა ეჭვს არ იწვევს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

”სახალხო აფთიაქის” ქსელში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული, ხარისხის სერტიფიკატის მქონე მედიკამენტები იყიდება.

ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით საიმედო ფარმაციის გარანტი ჩვენი მომხმარებლისთვის.

მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოგვიცხადა, ვინც არ დაიჯერა ვიდოთი გავრცელებული ინფორმაცია, ვინც დაეჭვდა ვიდეოში ასახული ფაქტების სიზუსტეში და საშუალება მოგვცა, მათთვის სწორი ინფორმაცია მიგვეწოდებინა”, - ნათქვამია ”სახალხო აფთიაქის” განცხადებაში.

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც მომხმარებელი ვიდეოს მაყურებლებს უჩვენებდა, რომ კონკრეტული მედიკამენტის კაფსულის შიგთავსი ცარიელი იყო.