საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ 24 საათიან სამუშაო რეჟიმს უბრუნდება

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ საქართველოს სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების მსგავსად, 19 ოქტომბერს, დილის 05.30 საათიდან მუშაობას 24/7 რეჟიმში განაგრძობს.

როგორც შემოსავლების სამსახური იუწყება, მდინარე დევდორაკის ხეობაში განვითარებული, სტიქიური მოვლენების გამო, სგპ ყაზბეგი დღემდე შეზღუდული გრაფიკით ახორციელებდა საბაჟო პროცედურებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე დევდორაკის ხეობაში, ჰაერის ტემპერატურის სეზონური ცვალებადობის (კლების) გამო, სტიქიური მოვლენების განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილი გზის 134-ე და 135-ე კილომეტრებზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გავლის 24 საათიან რეჟიმში.