შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან გასაფორმებელ დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია

ქართულმა მხარემ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის შესახებ შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან გასაფორმებელ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და რუსეთისგან ბოლო დეტალების დაზუსტებას ელოდება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, პრაღის ფორმატში გუშინ გამართულ შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა 2011 წელს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე და ამჟამად ქართული მხარე რუსეთის მხარის კონკრეტულ ინფორმაციას ელოდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ უჭირს კონკრეტული ვადების დათქმა, თუ როდის დაიწყება საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების იმპლემენტაცია, თუმცა ქართული მხარის მხრიდან შესაბამისი მზაობა არსებობს.

„ქართლმა მხარემ ყველა მოსამზადებელი სამუშაო დაასრულა რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით გაზაფხულზე. შექმნილი იყო სპეციალური სამუშაო ჯგუფი. შვეიცარიელ კოლეგებს ამის შესახებ ვაცნობეთ. რუსეთის მხარეც საქმის კურსშია და ახლა უკვე რუსეთის მხარემ უნდა დაასრულოს სამუშაოები. მათაც რამდენიმე კონკრეტული ნაბიჯი აქვთ ჯერ კიდევ გადასადგმელი და ამის შემდეგ, იმედია, რომ დაიწყება ამ ხელშეკრულების პრაქტიკული რეალიზაცია. როგორც გვეუბნებიან და კიდევ ერთხელ დაადასტურეს აქ, რუსეთის მხრიდანაც არის მზაობა. რაღაც დეტალები დასაზუსტებელია და ამ დეტალების თაობაზე ინფორმაციას, როგორც დაგვპირდნენ, ახლო მომავალში მოგვაწვდიან“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, არავითარი ახალი ელემენტების შემოტანა, გარდა იმისა, რა ვალდებულებებიც 2011 წელს გაფორმებული შეთანხმებით არის აღებული, არ იგეგმება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დასჭირდა ქართულ მხარეს 5 წელი „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე სამუშაოდ, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პროექტი საკმაოდ არაორდინალური იყო.

„საკმაოდ არაორდინალური პროექტია, ბევრი მუშაობა დასჭირდა შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას, მაგრამ საქართველოს მხარემ, სამუშაო ჯგუფმა წარმატებით გაართვა ყველაფერს თავი. მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული, საქართველო მარტო ვერ განახორციელებს ამ პროექტს. საჭიროა რუსეთის მხარის მზაობა, რასაც დრო დასჭირდა და ჯერ კიდევ არის მათ მხარეს რაღაცეები გასაკეთებელი“, - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, თუმცა აღნიშნულ კომპანიასა და ერთის მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ, რუსეთს შორის შესაბამისი კონტრაქტები ამ დრომდე არ გაფორმებულა.