”აიტექნიკის” წარმომადგენლები კომპანია ”iplus”-ს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ

როგორც ”აიტექნიკის” ადვოკატმა, გიორგი ცერცვაძემ და ”აიტექნიკის” დამფუძნებელმა, ბექა მიქუჭაძემ განაცხადეს, შპს ”iplus”-ის დამფუძნებელი მამუკა მარღიშვილი და მისი კომპანიის თანამშრომლები 5-6 წლის განმავლობაში ”აიტექნიკის” წინააღმდეგ უკანონო ქმედებებს ახორციელებდნენ.

მისივე თქმით, ”აიტექნიკმა” სამართლებრივ პროცედურებს მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც ეს ყველაფერი გაუსაძლისი გახდა.

კატეგორიულად ვაცხადებ, მ.მარღიშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. მისი მხრიდან წამოწყებული მთელი ამ უპასუხისმგებლო და ბინძური კამპანიის ერთადერთი მიზანია იმ პროცესების გადაფარვა, რაზეც მიმდინარეობს სამართალწარმოება. ვინაიდან მას არ აქვს სამართლებრივი არგუმენტები, ჩვენს მიერ წარდგენილი ფაქტების გასაბათილებლად, იგი დაუსაბუთებელი ბრალდებებით ცდილობს თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა იმ ზიანზე, რაც 5 წლის განმავლობაში მიაყენა კომპანია აიტექნიკს, - განაცხადა ბექა მიქუჭაძემ.

”ჩვენი სარჩელი საკმაოდ მოცულობითია, დაახლოებით 300-დან 400 გვერდამდეა. ეს მასალები და მტკიცებულებები მზადდებოდა 6-7 თვის განმავლობაში. აბსოლუტურად ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლებიც სარჩელშია მითითებული, ჩვენ გვაქვს შესაბამისი მტკიცებულებები. მათ შექმნეს ყალბი ვებ გვერდი itechnics.ge, მათ თავიანთი მიზანმიმართული მოქმედებებით მიაღწიეს იმას, რომ „iTechnic”-ის ოფიციალური გვერდი ”Facebook”-ზე დარეპორტებულიყო, სანაცვლოდ მათ შექმნეს გვერდები სახელად: ”მატყუარა iTechnic”- და ”iTechnic”-ის დუბლიკატი ვებ-გვერდი, სადაც იტვირთებოდა ათასგვარი სისულელე, ბრინჯში ტელეფონის ჩადებასთან დაკავშირებით, დასველებული აიფონების გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი იყო ”iTechnic”-ის სრული დისკრედიტაცია ბაზარზე, ის, რომ მომხმარებელს გასჩენოდა გარკვეული არასერიოზულობის, არასტაბილურობის განცდა ”iTechnic”-ის მიმართ”, - განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.

bpnსაქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ”iplus”-ს 1 600 000 ლარის ყადაღა დაედო. გიორგი ცერცვაძის თქმით, ეს არის ის ციფრი, რომელიც ”iplus”-გან მიყენებული ზიანის დათვლის შედეგად მიიღეს.

”ყველას აინტერესებს, საიდან მოვიდა მილიონნახევარი ლარი, რომელიც ჩვენ სასამართლოში მოვითხოვეთ. ჩვენ დავიქირავეთ კვალიფიციური საექსპერტო კომპანია, რომელსაც სპეციალური მეთოდოლოგია აქვს მსგავსი სახის ზიანის დათვლის. მათ მოუწიათ დაახლოებით ორი თვე - ორთვენახევარი მუშაობა და ამის შემდეგ დაითვალეს ზიანი, რომელმაც შეადგინა სარჩელში მითითებული ციფრი”, - განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ნეგატიური ინფორმაცია ძალიან სენსიტიურად აისახება მყიდველების რაოდენობაზე, რაც ექსპერტიზის დასკვნაშიცაა ნაჩვენები.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ”Iplus” ცდილობს თავი აარიდოს ყადაღას და საქმეში სხვა კომპანიებიც ჩართო. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკურენტის განცხადების საფუძველზე სწავლობს კონკურენციის სააგენტო.

როგორც გიორგი ცერცვაძემ განაცხადა ამ კომპანიების სააქციო ფასებიც კი ერთმანეთს მიყვება. ერთი როგორც კი აცხადებს აქციას, მეორეც იგივე აქციას აცხადებს და ფასებში განსხვავება 1 ლარზე ნაკლებია.

”ეფლ სითი”, “აიფონ ცენტრი”, და “iplus”, ეს კომპანიები მოქმედებენ ორკესტრირებულ რეჟიმში, კოორდინაციაში არიან ერთმანეთთან ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ”Iplus ”-ის დირექტორი რამაზ შეყილაძე ოჯახურად აკონტროლებს ”ეფლ სითის”, მისი მეუღლე არის ”ეფლ სითის” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ისინი ფაქტობრივად, ბაზარზე ცდილობდნენ ამ ზეგავლენებით გამოედევნათ ბაზრიდან ერთადერთი დამოუკიდებელი კონკურენტი - ”აიტექნიკი”, - განაცხადა გიორგი ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ”Iplus”-ში მისულ მყიდველებს, კუთვნილ პროდუქციას ” Iplus”-ში გადასცემენ, ხოლო თანხას ”აიფონ ცენტრის” ანგარიშზე არიცხინებენ.

”მამუკა მარღიშვილი ხვდება, რომ ნებისმიერი გაყიდული პროდუქტი, რომლიდანაც თანხა მოხვდება ანგარიშზე, ავტომატურ რეჟიმში შეიძლება შემდეგ, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში წამოვიდეს ”აიტექნიკის” სასარგებლოდ. ის უბრალოდ არღვევს კანონიერ ძალაში შესულ განჩინებას, ყადაღის თავიდან არიდების მიზნით ჩართო კიდევ ერთი კომპანია საქმეში”, -განაცხადა ცერცვაძემ.

კონკურენციის სააგენტომ დასაშვებად ცნო შპს ,,აიტექნიკის” საჩივარი და აღნიშნული 3 კომპანიის წინააღმდეგ ,,კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7 (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) და მე-113 (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ”აიტექნიკი” კონკურენტი ბაზრის სამ მოთამაშეს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც iTechnic-ის ადვოკატი აცხადებს, კომპანიები ”აიფონისა” და ”ეფლის” სხვა პროდუქციის ფასებს ქართულ ბაზარზე შეთანხმებულად, ხელოვნურად ადგენენ.