ფრანგული ენერგეტიკული კომპანია Engie ავსტრალიაში მოქმედ, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურს დახურავს.
აღნიშნული ელექტროსადგური გარემოსდამცველთა აზრით, გარემოს ყველაზე დამაბინძურებელი ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურია მთელს მსოფლიოში. გამოცემა Les Echos-ის ინფორმაციით, ამ მიზნით ფრანგული კომპანია მილიარდ ევროს დახარჯავს.
გამოცემის ცნობით, სადგურის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება Engie-ს დირექტორთა საბჭომ მიიღო. ელექტროსადგური 2017 წლის გაზაფხულზე დაიხურება და მისი დემონტაჟი განხორციელდება.
სადგურის სიმძლავრე 1500-მეგავატია. სადგური ავსტრალიის ვიქტორიას შტატის 25%-ს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. თბოელექტროსადგურში 1000 ადამიანია დასაქმებული.
2015 წლის მონაცემებით, კომპანია „ენჯი“ მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი ტიპის 28 თბოელექტროსადგურს ფლობს.
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე
კოკა კვირკველია