„თელასი“ 2016 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კომპანია „თელასმა“ 2016 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც კომპანია „თელასიდან“ იუწყებიან, 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით, კომპანია „თელასმა“ 2 008 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 12,8% (227,8 მლნ. კვტ.სთ-ით) აღემატება 2015 წლის 9 თვის მოხმარების მოცულობას (1 780,2 მილიონი კვტ.სთ).

კომპანიის განმარტებით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

2015 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, 2016 წლის იგივე პერიოდში 14,1%-ით (237,7 მლნ. კვტ.სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 927 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

”ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა. სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2016 წლის ცხრა თვეში 2015 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2,5%-ით (13,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 572,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 517,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 54,6 ათასი – იურიდიური პირი. 2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 012 კმ შეადგინა, რაც 5%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 774 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა”, - აცხადებენ ”თელასში”.