როგორ ატყუებენ მძღოლებს ბენზინგასამართ სადგურებზე

საქართველოში ზოგიერთი არაბრენდული კომპანია უხარისხო საწვავს ყიდის.

ამის შესახებ ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა ”რადიო პალიტრას” გადაცემაში ”საქმე” განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ხარისხზე ეჭვს ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს.

„დღეს ბევრი ოპერატორი ოპერირებს, სხვადასხვა მიმართულებით ბევრი პროდუქტი შემოდის და ხშირ შემთხვევაში იმაზეა საუბარი, რომ ეს პროდუქტი არასტანდარტულია. უხარისხო პროდუქტი არის იმის გარანტი, რომ ფასი შედარებით ნაკლები იქნება ან ზომა-წონაში მოგატყუებენ. რიგი კომპანიები, არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები მომხმარებელს იმ კუთხით ატყუებენ, რომ უხარისხო, არასტანდარტულ პროდუქტს ყიდიან და მათ შორის ზომა-წონაშიც იტყუებიან. შიდამონიტორინგზე დაყრდნობით 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში უხარისხო საწვავი იყიდება”, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილიმა გადაცემაში ”საქმე”.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, საწვავზე კონტროლი მხოლოდ ერთხელ ჩატარდა.

”გარემოს დაცვის სამინისტრომ კონტროლი მხოლოდ ერთხელ ჩაატარა, შემოწმდა ყველა ბრენდირებული და რამდენიმე არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგური. მაშინ იქ არასტანდარტული საწვავი არ აღმოჩნდა. თუმცა არაბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელი საქართველოში ძალიან დიდია, ამიტომ აუცილებელია მათი შემოწმება”, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილიმა ”რადიო პალიტრას” გადაცემა ”საქმეში”.