კომპანია Johnson & Johnson აშშ-ის მოქალაქეს 70 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდის.
ასეთია მისურის შტატის ქალაქ სენტ ლუისის სასამართლოს გადაწყვეტილება. ბრალდების თანახმად, Johnson & Johnson-ის ბავშვის ტალკის, Baby Powder-ს გამოყენების შედეგად დაზარალებულს საკვერცხეების კიბო განუვითარდა.
"ბიბისის" ცნობით, ეს არის მესამე მსგავსი სარჩელი, რომელიც კომპანიამ წააგო. წინა შემთხვევებში სასამართლომ Johnson & Johnson-ს ჯამში, 127 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაცია დააკისრა.
თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ბავშვის ტალკი სრულიად უსაფრთხოა და ინფორმაცია, რომ პროდუქტი კიბოს იწვევს, დამტკიცებული არ არის. Johnson & Johnson სენტ ლუისის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
არსებული ინფორმაციით, კომპანიის წინააღმდეგ ამჟამად 1 500-ზე მეტი სარჩელია შეტანილი. იურიდიულ კომპანია Onder of the Onder-ში, რომელიც ამ დავაში დაზარალებულთა უფლებებს იცავს, აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ Johnson & Johnson-ის ბავშვის ტალკის ხანგრძლივი გამოყენება საკვერცხეების კიბოს განვითარების რისკს 40%-ით ზრდის.