12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 12.71% შეადგინა

12:00 საათისთვის 50-ვე საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 315 009 ამომრჩეველმა.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ამომრჩეველთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა მცხეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობამ 22.7% შეადგინა, ასევე, ოლქებს შორის, მაღალი აქტივობა იყო ლანჩხუთი/ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე 19.9%, ასევე, ბაღდათი/ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე -18.5%.

ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე დაბალი აქტივობა 41-ე ოლქში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც უბნებზე ამომრჩევლების 7.2% მივიდა. ასევე, დაბალი აქტივობაა მე-9 ოლქში, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 7.9%-მა.

„ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომ გარემოში, მშვიდად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს“, - დასძინა ანა მიქელაძემ.