ირაკლი ნადირაძე - არჩევნებიდან 3 დღეში ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გასცეს მშენებლობის ახალი უფლება ბოტანიკური ბაღის თავზე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი ნადირაძე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისათვის ”ფინ-სერვის 21“- სთვის” თაბორის მთაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხის დროებით გადადებას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებიდან სამ დღეში დავით ნარმანიამ და ”ქართულმა ოცნებამ” საზოგადობისთვის ფარულად ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ბოტანიკური ბაღის ზემოთ ახალი ნებართვა გასცეს ისე, რომ წინასწარი თანხმობის გაცემის დროს დაყენებული მოთხოვნები წარმოდგენილი და შესრულებული არ არის.

”ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ყურადღება ისევე, როგორც საზოგადოების ყურადღება, გადატანილი იყო არჩევნებისკენ. როგორც ჩანს, ამით ისარგებლეს დავით ნარმანიამ და ”ქართულმა ოცნებამ” და არჩევნებიდან 3 დღეში ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გასცეს მშენებლობის ახალი უფლება ბოტანიკური ბაღის თავზე, თაბორის მთაზე და დღეს უკვე საკრებულოში წარმოდგენილია საკითხი საბოლოო გადაწყვეტისათვის. ისე, რომ პირველი წინასწარი თანხმობის გაცემის დროს, 11 ოქტომბერს, რა მოთხოვნებიც იყო დაყენებული, ისიც კი არ არის წარმოდგენილი და შესრულებული. ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გამწვანებულია და არსად არ არის ნათქვამი და წარმოდგენილი, თუ რა ელოდება იქ არსებულ ხე-ნარგავებს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ისინი ამ ხეებს გაჩეხავენ”,- განაცხადა ნადირაძემ.

როგორც ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორია ბიძინა ივანიშვილმა აუქციონის წესით წინა ხელისუფლების დროს შეიძინა და ხელშეკრულებით მშენებლობა აკრძალული ჰქონდა.

”იქიდან გამომდინარე, რომ ეს გახლავთ ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა, შესაბამისად, იქ ყოველგვარი მშენებლობა აკრძალული იყო და ასევე შესაბამის ხელშეკრულებაში იყო ჩაწერილი. ჩვენ, ყოველივე ამის გათვალისწინებით, მივმართავთ დავით ნარმანიას და ”ქართულ ოცნებას”, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საზოგადოების მაღალი ინტერესი, გადადონ ამ საკითხის განხილვა, ვიდრე არ მოხდება ამ საკითხის ფართოდ განხილვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ, არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი და დასკვნა, არ გამოიტანონ საკრებულოს სხდომაზე და არ მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა”, -განაცხადა ნადირაძემ.