უახლოეს 2-3 კვირაში, შესაძლოა, ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი დაიხუროს

უახლოეს 2-3 კვირაში, შესაძლოა, ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელი დაიხუროს. ამის შესახებ "ბიზნეს-რეზონანსს" მსხვილმა იმპორტიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია. ჯერჯერობით დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა, როგორც ცნობილია, კომპანიას პრობლემა გაუსტუმრებელი ფინანსური ვალდებულებების გამო შეექმნა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საყურადღებოა, რომ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევა არ არის, მსხვილი სავაჭრო ქსელების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

ფაქტია, რომ დღესდღეობით დიდ სავაჭრო ობიექტებს შორის მძაფრი კონკურენციაა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მსხვილ სავაჭრო ქსელების რიცხვს რამდენიმე მათგანი გამოაკლდეს. თამაშგარეშე დარჩენილი მაღაზიების რიცხვი, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, 3-ს არ გადააჭარბებს, მაგრამ კონკურენცია სამომავლოდ კიდევ მეტად გამძაფრდება და უმსხვილეს კომპანიებს პოზიციების შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქსელური მაღაზიები ერთმანეთს დაერივნენ. ეს გამოიხატება როგორც სხვადასხვა აქციებში, ასევე ყოველდღიურ ფასდაკლების მესიჯებში, რომელსაც მუდმივ რეჟიმში იღებს მომხმარებელი. ადვილად შესამჩნევია, რომ მაღაზიების მენეჯერები უკვე აგრესიულ მარკეტინგზე გადავიდნენ, რითაც მყიდველის მოზიდვას და შემცირებული რეალიზაციის სტიმულირებას ცდილობენ.

საქართველოს მასშტაბით დღესდღეობით 15 ქსელური მაღაზიაა: "კარფური", "ნიკორა", "ფრესკო", "სმარტი", "2 ნაბიჯი", "გუდვილი", "ზღაპარი", "ლა ფემილი", "ჰაუს მარკეტი", "ბი მარტი", "ჯი ელი", "ვეჯინი", "ფურშეტი", "სპარი", "ფუდმარტი".

ეკონომისტები ერთპიროვნულად აცხადებენ, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ამდენი მსხვილი სავაჭრო ქსელი ზედმეტია. ორიოდე წლის წინ "რეზონანსი" ვარაუდობდა კიდეც, რომ მსხვილ მაღაზიებს პრობლემა მალე შეექმნებოდათ. ეს დრო საკმაოდ მალე დადგა და ახლა უმძაფრესი კონკურენციის პირობებში მუშაობენ.

მცირე მაღაზიებს თბილისის უბნებში უკვე ნაკლებად ამჩნევს ხალხი, რადგან მათი უმეტესობა დაიხურა. დარჩა ე. წ. "ნისიებზე" მოვაჭრე უბნის მაღაზიები, რომლებიც მცირე სეგმენტზე მუშაობენ. ისინი ბაზარზე დარჩებიან კიდეც, რადგან მათი საჭიროება ყოველთვის იქნება საქართველოში.

ხშირად გვესმის, რომ "კარფურმა" კონკურენტ კომპანიებს პრობლემა შეუქმნა. ეს რომ ასეა, სავაჭრო სფეროს სპეციალისტი, სადისტრიბუციო კომპანია "გრანდის" დამფუძნებელი ივა ჭყონიაც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მათ პრობლემა აქვთ იმის გამოც, რომ მიმართავენ თაღლითურ მარკეტინგს, რომლის განხორციელებასაც ბოლო პერიოდში ვეღარ ახერხებენ. ამაში, როგორც იმპორტიორი ამბობს, კომპანიებს ხელი შეუშალა "კარფურმა", რომელიც სწორი მძლავრი ფინანსური რესურსით შემოვიდა ბაზარზე.

"კარფურმა" ძალიან კარგი კონკურენცია შემოიტანა. თუ ვინმეს პრობლემა აქვს, ძირითადად, იმის გამო, რომ არასწორი მენეჯმენტი აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ, 15 ქსელური მარკეტია საქართველოში, 200 სადისტრიბუციო კომპანია და კაბალურ სიტუაციაში გვაყენებენ. კანონმდებლობა იმდენად ცუდია, რომ დარღვეული უფლებების დაცვაც კი გვიჭირს.

ძალიან მალე ერთი დიდი ქსელური მაღაზიის დახურვაზე შეიტყობთ. არ მინდა მოვლენებს დავასწრო, მაგრამ ასე მოხდება. ქსელური მაღაზიების უმეტესობა არაკეთილსინდისიერად ვითარდება, მომწოდებლების ხარჯზე ხდება ახალ-ახალი ობიექტების დამატება, რისი რესურსიც რეალურად არ აქვთ. ჩვენი კუთვნილი თანხით ცდილობენ გაფართოებას და შედეგს აღწევენ კიდეც.

პრობლემა იწყება იქიდან, რომ ვალს არ იხდიან. ამ დროს, როგორც წესი, მაღაზიას პროდუქციას ვუჩერებთ, აქვთ წყვეტა, რაც საბოლოოდ მათ რეალიზაციაზე აისახება. "გუდვილი" დღეს რეაბილიტაციის ქვეშაა და უახლოეს პერიოდში მის ბედს კიდევ ერთი ქსელური მარკეტი გაიზიარებს", - აცხადებს ჭყონია.

მისი თქმით, სავაჭრო ობიექტები არასწორი გზით ვითარდებიან. ისინი თაღლითური სქემით მოქმედებენ, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება.

"მსხვილი კომპანიები დავალიანებას არ იხდიან და იძულებული ვხდებით, პროდუქციის მიწოდება შევუჩეროთ, რაც ჩვენთვისაც ცუდია. პრობლემა არ აქვს მხოლოდ ერთ ობიექტს, რამდენიმე ისეთი მაღაზია ვიცი, რომელიც ძალიან ახლოსაა გადახდისუუნაროდ გამოცხადდეს. მე პირადად ერთ-ერთი მაღაზიიდან კუთვნილი თანხა სასამართლოს გზით ამოვიღე.

თაღლითურად მოქმედებენ და ეს არის ქსელური მარკეტების პრობლემა საქართველოში. თუ დროულად არ მიხედავენ ამ საკითხს, ქვეყნის ეკონომიკაც სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება", - აცხადებს ივა ჭყონია.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში ვაჭრობის სექტორში დიდი გადაადგილებაა მოსალოდნელი.

"არსებული კონკურენციის ფონზე მაღაზიების ბრუნვა, სავარაუდოდ, უკვე ზღვარზეა. ბუნებრივია, მსხვილი სავაჭრო ობიექტები აგრესიული მარკეტინგით შველიან თავს, სხვანაირად ვერ გადარჩებიან. ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის არც ისე ცუდია, რადგან ბაზარზე კონკურენტული ფასია. ცვლილებები ნამდვილად იქნება. რომელი რომელს ჩაძირავს, კაცმა არ იცის. ახალი მაღაზიები მომავალშიც გამოჩნდებიან, თუკი ამის საჭიროება იქნება.

15 ქსელური მაღაზია უნდა იყოს 10-მილიონიან ქალაქში, მაგრამ თბილისისთვის ეს რიცხვი აშკარად მეტისმეტია. ვფიქრობ, დარჩება ის მაღაზიები, რომლებსაც ჰყავს კარგი მენეჯერები და მომარაგების სპეციალისტები. ძალიან სერიოზული საკითხია და ამ მიმართულებით შეწონილი, კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი", - ამბობს კაპანაძე.

მისი შეფასებით, მიუხედავად ამდენი მაღაზიისა, ეკონომიკა დიდ მოგებას ვერ ხედავს, რადგან სავაჭრო ობიექტების უკან უცხოური კაპიტალია, რომელიც საბოლოოდ ისევ უცხო ქვეყანაში გადის.

"ვაჭრობა ეკონომიკის საჭირო და მნიშვნელოვანი სეგმენტია, მაგრამ რეალური სექტორის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. კარგად თუ გადავხედავთ თბილისური სუპერმარკეტების დახლებს და პროდუქტების წარმომავლობას, ქართული აშკარა უმცირესობაში აღმოჩნდება. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვრჩებით შემოსული ფულის გადამუშავების და უკან გაგზავნის ჩვეულებრივ ობიექტად და გაგრძელდება ასე მანამ, სანამ ეკონომიკის რეალური სექტორი არ განვითარდება", - დასძენს ნოდარ კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობასა და ვაჭრობის სექტორში დასაქმების ხვედრითი წონა ყველაზე მაღალია. ამ ორ სფეროზე, ჯამში, საერთო დასაქმების 2/3 მოდის. ვაჭრობის დარგში გრძელვადიანი პერსპექტივა არ იკვეთება, ეს არის სწრაფ შედეგზე ორიენტირებული ბიზნესი. ამიტომ, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი სამომავლოდ რომელიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტი გაკოტრების პირას აღმოჩნდება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"