თბილისში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი მიმდინარეობს

სასტუმრო „ბილტმორში“ „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია მიმდინარეობს. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის შეხვედრას წარმოადგენს, რომელშიც ფორუმის წევრი 100-მდე სახელმწიფოს და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს. სესიის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა მინისიტრმა ნოდარ ხადურმა. სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, „გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის“ თავმჯდომარემ კოსი ლოუმ მიმართა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ამ ტიპის ღონისძიებების საქართველოში ჩატარება ადასტურებს, რომ საქართველო არის რეგიონული ჰაბი არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, არამედ მისი მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

„დღეს ჩვენ OECD-ის ფარგლებში ვატარებთ გლობალური ფორუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას საგადასახადო კუთხით. პრაქტიკულად ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია არის ჩამოსული. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებთან და ვმუშაობთ იმისთვის, რომ საგადასახადო სისტემა უფრო გამჭვირვალე იყოს. მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ის პირობები, რომელიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აქვთ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. ქვეყანამ წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა, შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

პლენალური სესია მუშაობას 4 ნოემბერს დაასრულებს. სესიის მიმდინარეობისას კომპეტენტურ უწყებათა (საუდის არაბეთი -ურუგვაი) მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.