რუსთავის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია შემოდგომის ბოლოს დასრულდება

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის - კოსტავას გამზირის, რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები აპრილში დაიწყო და შემოდგომის ბოლოს დასრულდება.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი დავით ჯიქია ადგილზე გაეცნო. დღეისთვის ტერიტორიაზე დეკორატიული კედლისა და ღობის, სარწყავი სისტემის, შენობებზე ზეძირკვლის, ტროტუარებზე განათების ბოძებისა და ბაზალტის ქვის მოწყობის სამუშაოები, ასევე საკვამურების აღდგენა-შელესვა და სადარბაზოებში კარ-ფანჯრების მონტაჟი მიმდინარეობს.

„კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის პროექტი დასასრულისკენ მიდის. გზის სავალ ნაწილზე თითქმის დამთავრდა ასფალტ-ბეტონის სამუშაოები, რესტავრირებული და შეღებილია შენობების 60%, დარჩენილია ქვაფენილის რაღაც ნაწილი, მოსაწყობია მწვანე ზოლი და გაზონები. პროექტი ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მონდომებულია და ცდილობს, ამ ვადებში ჩაეტიოს. რეაბილიტირებული კოსტავას გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ვიმედოვნებ, რომ ეს ქუჩა, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცევა“,- განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

კოსტავას გამზირის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტისთვის 4 500 000 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. 2016 წელს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, რუსთავში ჯამში 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.