300 არაგველის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

კრწანისში 300 არაგველის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.  რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე მოიკირწყლება ბილიკები, შეიცვლება განათების ქსელი, ბაღს დაემატება ახალი ნარგავები.

მეორე ეტაპზე გალავნის ბურჯების მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არქეოლოგიური გათხრები და კრწანისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა საფლავებთან სარიტუალო სივრცის მოწყობა. ბაღი თბილისის ისტორიულ გალავანთან, კრწანისის ბრძოლის ადგილას, გასული საუკუნის 30-იან წლებში გაშენდა, 1959 წელს კი ტერიტორია კეთილმოეწყო, თუმცა დღემდე მისი რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.

2015 წელს კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, მხოლოდ ისტორიული გალავნის ბურჯებს ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ბაღის სრული რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდება.