პროფკავშირებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლები აქცია-მსვლელობით „საქართველოს რკინიგზისკენ“ მიემართებიან

გაერთიანებული პროფკავშირებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქცია მსვლელობით „ბიპი-ჯორჯიას“ შენობიდან „საქართველოს რკინიგზისკენ“ მიემართებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „სოლიდარობა მუშებს“.

მათი განცხადებით, საქართველოში სხვადასხვა კომპანიები უმეტესწილად არღვევენ დასაქმებულთა უფლებებს, ხოლო სახელმწიფო ამ ყველაფერზე რეაგირებას არ ახდენს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი „საქართველოს რკინიგზასთან“ გუშინ სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტს გააპროტესტებენ.

მათივე თქმით, თუ ამ საქმეზე არ მოხდება დროული რეაგირება, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ თუ როგორ ექცევიან დასაქმებულებს საქართველოში. ირღვევა ის შრომის კანონმდებლობაც კი, რომელიც არ არის თანხვედრაში აღიარებულ ნორმებთან, ჩვენ ვერ ვხედავთ ხელისუფლების რეაგირებას მსგავს ფაქტებზე და გუშინ რაც ვნახეთ, ეს იყო პიკი. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა პირველი არ ყოფილა და სოლიდარობას ვუცხადებთ იქ მომუშავე ადამიანებს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გუშინ მშენებლობაზე დასაქმებულ ქართველ და ჩინელ მუშებს შორის დაპირისპირება მოხდა. რა დროსაც რამდენიმე ქართველი მუშა დაშავდა. მათი ნაწილი სხვადასხვა დაზიანებებით ზესტაფონისა და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით დაიწყო. დაკავებულია ჩინეთის 3 მოქალაქე.