”2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს „თელასი“ მომზადებული ხვდება”

„ინტერ რაოს“ სპეციალური კომისიის დასკვნით, კომპანია „თელასი“ 2016-2017 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება.

როგორც  კომპანია „თელასიდან“ იუწყებიან, კომისიამ სამეწარმეო აქტივების შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადყოფნა შეამოწმა და კომპანიას შესაბამისი პასპორტი გადასცა. შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადებას კომპანია „თელასი“ ყოველწლიურად გაზაფხულზე იწყებს.

„თელასის“ გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა კომისია, რომელიც შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაზე იყო პასუხისმგებელი. გეგმის მიხედვით, „თელასმა“ ჩაატარა სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები 110/35 და 10(6) კილოვოლტიანი ქვესადგურების გამანაწილებელ მოწყობილობებზე, მოდერნიზების სამუშაოები სატრანსფორმატორო ქვესადგურების ელექტროტექნიკურ ნაწილზე; სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაუტარდა 110 და 35 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს, შეიცვალა 35/10/6 კილოვოლტიანი ძაბვის მოძველებული საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ. ხვადასხვა პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოები 35 ქვესადგურში ჩატარდა. ქვესადგურში „მუხიანი“ კომპანია „თელასმა“ 6/10/35-კილოვოლტიანი დახურული გამანაწილებელი მოწყობილობების და ქვესადგურის ერთიანი მართვის პუნქტის რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტი განახორციელა. ქვესადგურში „პლატო ნუცუბიძე“ 110კვ ძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური რემონტი ჩატარდა. დასრულდა ძალოვანი ტრანსფორმატორის რეაბილიტაცია ქვესადგურში „კოჯორი“. ასევე დასრულებულია სამუშაოები ქვესადგურის „ნავთლუღი-2“ 6(10)კვ ქსელში მოწყობილობების გადაძაბვისგან დაცვისა და ერთფაზა დამიწების დაცვების სელექტიურობის გაზრდის მიზნით. განხორციელდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის „კენისი-4“ რეკონსტრუქცია-მოდერნიზების პროექტი. დაახლოებით 18 კმ ამორტიზირებული საკაბელო ხაზები ახლით შეიცვალა, ხოლო ქსელის რეზერვირებისთვის დამონტაჟდა 7 კმ ახალი საკაბელო ხაზები. კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები 16 ქვესადგურში დასრულდა.

„აღნიშნული სამუშაოების ჩატარების მიზანია თბილისის ელექტრომომარაგების ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ქალაქის ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, კომპანია „თელასი“ და მისი ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი აღჭურვილობით და მასალებით ნებისმიერი ტექნიკური ინციდენტის აღმოსაფხვრელად ან მინიმუმამდე შესამცირებლად“, - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.