ჰიბრიდების, ელექტრო და ახალი მანქანების ტექდათვალიერებაზე შეღავათი დაწესდება?!

მანქანების ტექნიკური დათვალიერება 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეღირება ავტომობილის ტექდათვალიერება და ვის როგორი შეღავათი ექნება ავტომობილის წლოვანების მიხედვით. როგორ გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების შემოწმების დროს მათი მფლობელების წახალისებას არ გამორიცხავენ. ისინი კორუფციის თავიდან აცილების შესაძლებლობასაც განიხილავენ.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში ტექდათვალიერებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, გადამზადდება 1000-მდე სპეციალისტი, ხოლო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. განისაზღვრება შემოწმების ღირებულების ზედა ზღვარი, რომლის ქვემოთაც სხვადასხვა ცენტრს შეეძლება მომხმარებელს მომსახურება კონკურენტულ ფასად გაუწიოს. საქართველოში დღეისათვის აკრედიტებულია 24 ინსპექტირების ორგანიზაცია, რომელთაც შეუძლია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული შემოწმება, თუმცა ეს არასაკმარისია და შეიძლება მათი რაოდენობის გაორმაგებაც გახდეს საჭირო.

ავტომობილების ტექდათვალიერების მომხრეა ორგანიზაციის "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა. მისი თქმით, ავტომობილის შემოწმების სისტემა უნდა იყოს რეალური და დროის შუალედს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია შემოწმების შემდგომი პერიოდიც, რასაც ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება.

"პირველ რიგში, უნდა შეიქმნას ავტომობილის სავალდებულო ტესტირების შემოწმების სისტემა. ამისთვის აუცილებელია ტექდათვალიერების ცენტრების სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვა და კადრების მომზადება.

ყველა ქვეყანაში შემოწმების სხვადასხვა მეთოდია. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში 4-5 წლამდე მანქანების ტექდათვალიერება არ ხდება. რა მდგომარეობა იქნება ამ მხრივ საქართველოში, ჯერ არ ვიცით, მაგრამ, ვფიქრობ, ახალ ავტომობილებზე შეღავათი აუცილებლად გავრცელდება.

ავტომობილის შემოწმების სისტემა უნდა იყოს რეალური. არ აქვს დროის შუალედს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია შემოწმების შემდგომი აღსრულების სისტემაც. 5 წლამდე ავტომობილებზე შეიძლება არ იყოს ყოველწლიური შემოწმება, მაგრამ 5 წლის შემდეგ ყოველ 2 წელიწადში მოხდება მანქანების გაკონტროლება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას კვაშილავამ.

სპეციალისტმა ისაუბრა ტექდათვალიერების განსაზღვრულ ფასზეც. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ღირებულება ჯერ ცნობილი არ არის, სავარაუდოდ, ფასი ხელმისაწვდომი იქნება ყველა ავტომფლობელისთვის. იმისათვის, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს, კვაშილავას საჭიროდ მიაჩნია ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შექმნა.

"ტექდათვალიერების ტარიფი ჯერ არავისთვის არ არის ცნობილი. შეიძლება სახელმწიფომ დააწესოს გარკვეული ზღვარი, რადგან შესამოწმებელი ავტომობილების დიდ რაოდენობაზეა საუბარი. ბუნებრივია, გადასახადი მანქანების ძრავას მიხედვით, სხვადასხვა იქნება. ფასის განსაზღვრა დამოკიდებულია სისტემის გამჭვირვალობაზეც. ეს მომსახურებაც ერთგვარი ბიზნესია, თუმცა უნდა იყოს ღია და კონკურენტული. რომელი კომპანიაც იქნება შერჩეული შემოწმებაზე, მან მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობა. უნდა შეიქმნას ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, როგორც ახლა ხდება მართვის მოწმობის გაცემა, ყოველგვარი კორუფციის გარეშე. ასეთივე უნდა იყოს შემოწმების პროცესიც", - განუცხადა "რეზონანსს" კვაშილავამ და იქვე ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების დათვალიერების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

"საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების, ზოგადად ახალი ავტომობილების შემოწმების წახალისება. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ძველ მანქანებს არ უშვებენ და ჩვენ ტექდათვალიერებით მაინც შევუწყოთ ახალ ტრანსპორტს ხელი. ელექტრომანქანები ჩვენთან არ იბეგრება, მაგრამ ძვირია. ამიტომ ჩვენ აქცენტი უნდა გავაკეთოთ ჰიბრიდებზე, ისეთ მანქანებზე, რომლებიც ახლებია, აუცილებელია შემოწმების დაწყებასთან ერთად კანონმდებლობის გაუმჯობესება", - ამბობს კვაშილავა.

ტექდათვალიერებას უნდობლობას უცხადებს "ეკოტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე. იმისათვის, რომ შემოწმება ფორმალობად არ იქცეს და ადგილი არ ჰქონდეს კორუფციას, სპეციალისტი არასამთავრობო სექტორის პროცესში ჩართვას აუცილებელ პირობად მიიჩნევს.

"ბევრი გასათვალისწინებელი დეტალია, პირველ რიგში, კორუფცია. ჩვენ გვახსოვს, რომ წინა წლებში ეს იყო კორუფციის ბუდე და დღეს ეს რისკი უნდა დავიყვანოთ ნულამდე. დღეს ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისათვის, მაგრამ ეს არის ფორმალობა და რეალურად არანაირი დათვალიერება არ ტარდება. ნებისმიერ ცენტრში ავტომობილის მფლობელს შეუძლია გადაიხადოს თანხა და გაიაროს შემოწმება. ამის არაერთი მაგალითი არსებობს", - განუცხადა "რეზონანსს" ურუშაძემ.

სპეციალისტი ტექნიკური დათვალიერების შემდგომ პროცესს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ყურადღებას ამახვილებს ახალ ავტომობილებზე და შემოწმების დროს მათ ფინანსურ წახალისებას უჭერს მხარს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ტექდათვალიერების შემდგომი მონიტორინგი. შემოწმების ვადა არის სტანდარტულად ერთი წელი. ჩვენი ინფორმაციით, ეს პუნქტი სამ წლამდე ავტომობილებს არ შეეხება. თუ გვინდა რეალური პროცესი მივიღოთ, ამისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა რეფორმა უნდა იყოს მრავალმრივი და გამჭვირვალე. ჩემი რეკომენდაციაა, წახალისდეს ახალი მანქანები, ჰიბრიდები და ელექტრომობილები. ამ საკითხს ლობირებას გავუწევთ, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა როგორ იქნება. შეიძლება, ზედმეტი ჩარევის გარეშეც მოგვარდეს ეს საკითხი", -აღნიშნა ვანო ურუშაძემ.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"