„მაღლივი“ კორპუსის მიმდებარედ 260 ხე-მცენარე დაირგო

სეზონური გამწვანების ღონისძიებები, დედაქალაქის მასშტაბით, გრძელდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ხეები თსუ-ს რექტორთან გიორგი შერვაშიძესთან, სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად დარგო. როგორც  მერიიდან იუწყებიან, მე-10 („მაღლივი“) კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 260 ძირი კვიპაროსი და მთის ნეკერჩხალი დაირგო. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

„ინტენსიურად გრძელდება გამწვანების ღონისძიებები დედაქალაქში. დღეს „უნივერსიტეტის“ „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორია თსუ-ს პროფესორებთან, ხელმძღვანელობასა და სტუდენტებთან ერთად გავამწვანეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ვიზრუნოთ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საშემოდგომო რგვები გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე და თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხეს დავრგავთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, ერთი საქმეა ხეების დარგვა და მეორე საქმე - ამ ხეების მოვლა და ზრუნვა იმაზე, რომ გაიზარდონ და გაიხარონ.

”ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ სტუდენტებთან ერთად. ძალიან გვახარებს მერიის ინიციატივა, მით უმეტეს, რომ ქალაქის მერი ამავდროულად უნივერსიტეტის პროფესორიცაა. ვაპირებთ, რომ ყველა ჩვენს კურსდამთავრებულს და ყველა ჩვენს პროფესორს მივადგეთ სხვადასხვა სახის და რანგის თხოვნებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს სასწავლო-კვლევითი სივრცე და სტუდენტური გარემო”, - განაცხადა შერვაშიძემ.