საქართველოს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი ეწვია

საქართველოს ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრი აშოკ გაჯაპათ რაჯუ ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპათ რაჯუმ საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ მათი გაღრმავების უდიდესი პოტენციალი არსებობს. მისი ინფორმაციით, იზრდება ინდოეთთან ორმხრივი ვაჭრობა. კერძოდ, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთთან 27 პროცენტით გაიზარდა. რაც ასევე მნიშვნელოვანია, 29 პროცენტით მოიმატა ინდოეთში ექსპორტის მაჩვენებელმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში მსხვილი ინდური კორპორაციების საქმიანობა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი „ტატა ჯგუფზე“ გაკეთდა, რომლის ინვესტიციები აჭარაში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაში 700 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

ასევე დადებითად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. კერძოდ, 2016 წლის 10 თვეში, საქართველოში ინდოეთიდან 27,790 ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 232 პროცენტით მეტია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიური უწოდა თანამშრომლობის გაღრმავებას ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მისი განცხადებით, პირდაპირი ავიაფრენების დაწყება საქართველოსა და ინდოეთს შორის ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სხვა მიმართულებით.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი დონის თანამდებობის პირებთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.