სემეკმა მოქალაქეებს 91 ათას ლაზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში ორი საჯარო სხდომა გამართა, სადაც განიხილა მოქალაქეების საჩივრები ელექტროენერგიის , ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ.

როგორც  სემეკ-იდან იუწყებიან, მოქალაქეთა განცხადება/საჩივრები ამჯერადაც შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიის მხრიდან განხორციელებულ უსაფუძვლო დარიცხვებსა და დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ცნობის თაობაზე. კომისიის საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები წარადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებმა. სრულად ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 91222.11 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.