ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ, 9 ათასი ზეთისხილის და 12 ათასი ფიჭვის ნერგები დარგეს

თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ, დღეს 9 ათასი ზეთისხილის და 12 ათასი ფიჭვის ნერგები დარგეს. გამწვანების აქციაში დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერიის რამდენიმე საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, მერიის თანამშრომლები და მოსახლეობა მონაწილეობდა. დარგული ხის ნერგების მაქსიმალური სიმაღლე 4 მეტრი იყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, მახათას მთის შემდეგ ზეთისხილის ბაღი აღნიშნულ ტერიტორიაზეც გაშენდება. მერიის კონტრაქტორი კომპანია ზეთისხილის ბაღების მოვლა-პატრონობას 4 წლის განმავლობაში განახორციელებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დღეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე წლის შემდეგ კი აღნიშნული ტერიტორია ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიურად მიმზიდველი იქნება.

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, ზეთისხილის ხეებისთვის აღნიშნული ტერიტორია სპეციალურად შეირჩა.

„ეს ტერიტორი წინასწარ შეირჩა. შემოწმდა, როგორც ნიადაგი, ასევე კლიმატური პირობები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ზღვის წყალი, რომელსაც ქალაქი სასმელად იყენებს, იყოს დაცული და არ მოხდეს ამ ტერიტორიის სხვა შეუსაბამო ინფრასტრუქტურით განვითარება, რადგანაც ეს ტერიტორია იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ჩვენ ზეთისხილის ბაღების გასაშენებლად შევარჩიეთ. 9 ათასი ზეთისხილის ნერგის გარდა, აქ, გარშემო ელდარის ფიჭვები და კედარი დაირგვება. ასევე, ვერხვის ხეები - ქარსაცავი ზოლისთვის. ტერიტორია შემოიღობება და დაცული იქნება“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

მისივე თქმით, წელს შემოდგომაზე სულ თბილისში 80 ათასი სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე დაირგვება, რომელთა ნახევარი ამ დროისთვის უკვე დარგულია. მცენარეების დარგვის პროცესი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.