რომელია ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები საქართველოში?

გაყიდვების მენეჯერი, ქოლცენტრის ოპერატორი და ოფისის მენეჯერი - საქართველოში ოპერირებული კომპანიები სწორედ ამ პროფესიის თანამშრომლებს ეძებენ ყველაზე ხშირად.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ვებგვერდ hr.ge-ში განუცხადეს, დამსაქმებლები ძირითადად სწორედ ამ სფეროს სპეციალისტებს ითხოვენ. შესაბამისად, ყველაზე მეტი ვაკანსია ფინანსების, მენეჯმენტისა და მომსახურების სფეროს მიმართულებებზე ცხადდება.

მათივე ცნობით, ზოგადად, 2016 წელს ვაკანსიების რაოდენობამ გასულ წელთან შედარებით, 13 %-ით მოიმატა.

ვაკანსიების ტოპ - ხუთეული კი hr.ge-ს ინფორმაციით ასე გამოიყურება:

1. გაყიდვების მენეჯერი;

2. ქოლცენტრის ოპერატორი;

3. ოფისის მენეჯერი;

4. სამედიცინო წარმომადგენელი;

5. მიმტანი/ბარმენი

რაც შეეხება მოქალაქეთა დაინტერესებას, hr.ge-ში ამბობენ, რომ სამსახურის მაძიებლები ყველაზე მეტ რეზიუმეს ადმინისტრაციული და საფინანსო სფეროს ვაკანსიებზე აგზავნიან. ამ მხრივ მოთხოვნადი ვაკანსიების ხუთეული ასეთია.

1. ოფისის მენეჯერი;

2. ადმინისტრაციული თანაშემწე;

3. მოლარე-ოპერატორი;

4. ქოლცენტრის ოპერატორი;

5. ბუღალტერი

საჯარო სამსახურის ბიუროს (hr.gov.ge) ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიებია - სამართლის, ბიზნეს ადმინისტრირების (ფინანსები, ბუღალტერია, შესყიდვები, მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა.) და IT მიმართულებებია.

ხოლო მოქალაქეები ყველაზე მეტად დაბალი პოზიციებით ინტერესდებიან. როგორიცაა მაგალითად, საქმისწარმოების, ოპერატორისა (მაგ. იუსტიციის სახლის ოპერატორი) და სოციალური მომსახურების (სოციალური მუშაკი) ვაკანსიები.

თაია არდოტელი