დავით ნარმანია - ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები არ მიმდინარეობს

ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონსულტაციები და მუშაობა არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თბილისის მერიას ამ ეტაპზე მხოლოდ ძირითადი ჩარჩო და მონახაზი აქვს.

”ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ძირითადი ჩარჩო და მონახაზი გვაქვს. ჯერჯერობით, ფართო მსჯელობა და კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირმა 11 ნოემბერს, იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართა. პროფკავშირი თბილისში ტაქსის მძღოლებისათვის რეგულაციების შემოღების პროცესში მძღოლების ჩართვას მოითხოვდა. ტაქსის მძღოლების პროფკავშირები და ტაქსის მძღოლები აცხადებდნენ, რომ თბილისის მერიას რეგულაციებზე მუშაობა დაწყებული აქვს და მათთვის უცნობია თუ რა მიმართულებით მუშაობს მერია.