“შეიძლება პრესაში არასასიამოვნო გამოხმაურება გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება მხარს არ გიჭერს”

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტისა და მარკეტინგის სპეციალისტის დენი როჯერის სიტყვები - "შეიძლება პრესაში არასასიამოვნო გამოხმაურება გქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება მხარს არ გიჭერს” ალბათ, ყველაზე უკეთ ასახავს ამერიკაში არსებულ დღევანდელ ვითარებას.

ქვეყნის 45-ე პრეზიდენტად მილიარდერი დონალდ ტრამპის არჩევას, არჩევნებიდან თითქმის ერთ კვირაში პიარსპეციალისტები, სოციოლოგები, მარკეტოლოგები, პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები, მოკლედ ყველა ის, ვინც მილიარდერის გაპრეზიდენტებას ნაკლებად წინასწარმეტყველებდა, ერთბაშად იშვერენ ხელს მედიისკენ და გარკვეულწილად სწორედ მას „ადანაშაულებენ“ ტრამპის გამარჯვებაში. ამის მიზეზად კი მედიის ნეგატიურ გავლენას ასახელებენ ტრამპის მიმართ.

თუმცა, მეორე მხრივ, სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებაში მთავარი „დამნაშავე“ მისი წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი, 49 წლის კეილინ კონუეია. დიახ, დღეს უკვე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ტრამპის გამარჯვება მეტწილად სწორედ ამ ქალბატონის, 4 შვილის დედის დამასახურებაა, რომელმაც სწორად და ზუსტად დაგეგმა აშშ-ის აწ უკვე 45-ე პრეზიდენტის კამპანია, სლოგანით „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“.

bpn„რა თვისებები მოეთხოვება კომუნიკაციების მომავალ ლიდერებს? ცხადი ხდება, რომ მიუხედავად ეიჯისტი (ასაკობრივი დისკრიმინაციის მიმდევარი) საზოგადოებისა, სადაც ახალგაზრდობის კულტი და ციფრული კომუნიკაციების გამოცდილება ძლიერია, საღი აზრი, გონიერება და გამოცდილება ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება კამპანიის წარმატებისათვის. რა თქმა უნდა, ლიდერების მომავალი თაობა ციფრული მედიის პირობებში გაიზრდება და, შესაბამისად, მეტი ტექნოლოგიური უნარები ექნება, მაგრამ ამას უნდა დაერთოს ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან პირადი ურთიერთობების დამყარების უნარი“, - წერს დენი როჯერი თავის წიგნში „კამპანიები, რომელმაც შეძრა მსოფლიო“.

აბრევიატურა PR (Public Relationships) ინგლისურიდან ქართულად თარგმანში საზოგადოებასთან ურთიერთობას ნიშნავს. პიარი კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ნიშნავს ადამიანის, კომპანიის ან კონკრეტული ბრენდისა და პროდუტქის წარმატებისთვის და საზოგადოებისთვის მის შესახებ სწორად ინფორმირებით.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო PR კამპანია „კოკა-კოლას“ ეკუთვნის, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას შესთავაზა „კოკა-კოლას“ ბოთლის თავიანთი ვერსია წარმოედგინათ. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - ჩვეულებრივმა ადამიანებმა ცნობილ ბრენდს ხისგან გამოჭრილი ბოთლიდან დაწყებული, გიგანტური 6-მეტრიანი ბოთლით დამთავრებული, დიზაინები წარუდგინეს.

პროექტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა და ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები სწორ პიარ-კამპანიას ასახელებენ, რომლის მთავარი მიზანი ხალხის ჩართულობა იყო.

ასიდან ერთ კამპანიას აქვს „დიდი იდეა“ - სწორედ იმ ერთ პროცენტზე მოგითხრობთ დენი როჯერსის წიგნი.

წიგნი „კამპანიები, რომლებმაც შეძრა მსოფლიო“ გვაწვდის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ბიზნესის განვითარების ისტორიას ბოლო ოთხწლეულის ყველაზე დიდი კამპანიების მაგალითებზე. წიგნში აღწერილია პოლიტიკური, კორპორაციული და გასართობი კონკრეტული ცხრა კამპანია 70-იანი წლებიდან დღემდე. მოცემულია ამ სანიმუშო კამპანიების წარმმართველი ადამიანების, მსოფლიოს „კაშკაშა ვარსკვლავების“ შეხედულებები, სტრატეგია და ტაქტიკა, ინტერვიუები.

დენი როჯერსი დეტალურად საუბრობს პრეზიდენტ ობამას პიარ კამპანიაზეც, რომელიც თავის დროზე აღიარეს, როგორც საუკეთესო და ინოვაციური, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითა და მკაფიო სტრატეგიით.

ობამას პიარ ტექნოლოგებმა ზუსტად გათვალეს ამომრჩევლის სეგმენტი და ახალი ტექნოლოგიების ჩართვით შეძლეს კოლოსალური თანხებისა და მხარდამჭერების მოზიდვა. ეს იყო მსოფლიოში პირველი ციფრული კომუნიკაციების საარჩევნო კამპანია. სრულიად განსხვავეული და ნოვატორული იყო ფინანსების მოზიდვის მექანიზმიც, ახალი პოლიტიკური ფენომენი: „მოქალაქეების მიერ კომპანიისთვის თანხების გაღება“. სპეციალური სოციალური ქსელის გვერდის მეშვეობით ობამას გუნდმა მილიონობით დოლარი შეაგროვა, რომელიც წარმატებულ პიარ კამპანიაზე დაიხარჯა.

„დენი როჯერსის წიგნი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს, ცნობილი ჟურნალისტის აზრით, უკანასკნელი 50 წლის საუკეთერსო პიარ კამპანიებს. გამოცემა განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი საზოგადოებისათვის, სადაც პიარი მეტნაკლებად ახალი და მზარდი სფეროა.

ამ მხრივ, განსაკუთრებით ყურადსაღებია პოლიტიკური პიარი, რომელიც ერთ-ერთი ურთულესია და ქართული რეალობის გარკვეულწილად „წარმმართველი“.

დეტალებს მკითხველი თავად გაეცნობა. მე, კი ვისურვებ ჩვენს ბაზარზე მსგავსი ხასიათის უფრო მეტი ქართულად თარგმნილი ლიტერატურა გამოვიდეს“, - აღნიშნავს თეონა ჯაყელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

წიგნში ასევე განხილულია ტეტჩერიზმი, ახალი ლეიბორისტების, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის, „როლინგ სტოუნზის“, დევიდ ბექჰემის, ლონდონის2012 წლის ოლიმპიადის, პროდუქტ (RED)-ის “ობამა ამერიკისათვის” და „Dove”– ნამდვილი სილამაზისათვის კამპანიები.

დენი როჯერსი არის მსოფლიოში ცნობილი მედია და მარკეტინგის ჟურნალისტი. იგი იყო ჟურნალების – PRWeek-სა და Campaign-ის რედაქტორი. ამჟამად კი გახლავთ Brand Republic Group-ის მთავარი რედაქტორი. როჯერსი უამრავი ჯილდოს, მათ შორის ბრიტანეთის ჟურნალების “რედაქტორების საზოგადოების ჯილდო” - 2008 წლის“საუკეთესო რედაქტორი” მფლობელია. დენი როჯერსი ასევე არის ჟურნალების: The Independent, The Guardian, FFinancial Times’ Creative Business -ის რედაქტორი და საერთაშორისო მედია მაუწყებლობის კომენტატორი.