ლატვიაში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ლატვიაში საქართველოს საელჩომ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ რიგაში ორგანიზებულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. როგორც  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ლატვიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ჯანჯალიამ მიმართა. ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ლატვიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საელჩოს ქართული ღვინის კომპანიებთან საკმაოდ მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს და ხელს უწყობს ქართველ მეღვინეებს ლატვიური ბაზრის ათვისებაში. თეიმურაზ ჯანჯალიას თქმით, ბოლო ორი წლის მონაცემებით, ლატვიაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ქართულ ღვინოზე და შედეგად, ქვეყანა პირველ ადგილზეა ბალტიისპირეთში ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების (ჭაჭა, ბრენდი) იმპორტის მოცულობით.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაცია წარუდგინა ქართული ღვინის შესახებ, რის შემდეგაც გაიმართა ქართული ღვინის ათზე მეტი სახეობის დეგუსტაცია. ღონისძიებას ლატვიის კერძო სექტორის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.