ილიაუნში ხვალ სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ილიაუნში ხვალ სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და საჯარო ლექციები გაიმართება. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იუწყებიან, სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით იმართება. ასევე, სოციალური მეწარმეობის შესახებ საჯარო ლექციები ჩატარდება.

ლექციის თემებია: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა“, (მომხსენებელი: ლია ტაბატაძე, სოციალური საწარმო ბაბალეს დირექტორი), „სოციალური მეწარმეობა – საინტერესო შესაძლებლობები სტუდენტებისთვის“, (მომხსენებელი: სალომე ხუციშვილი, სოციალური მეწარმეობის პროექტების მენეჯერი).

ღონისძებაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი საწარმოები: Sobissuri / სობისური; ზესხო - სვანური მარილი/Zeskho - Georgian Relish; ტრადიციული მოდის სახლი; სოციალური საწარმო Ikorta; ბაბალე • Babale; კოდალა/Kodala; სოციალური საწარმო ,,ფარშევანგი"; Apnsc Dayhome; სოციალური საწარმო "არტ კოდა" / Social enterprise "Art Koda".

ილიაუნის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილ გლობალური მეწარმეობის კვირეულს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს პირველად უერთდება.

უნივერსიტეტის განცხადებით, კვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორი 20 000-ზე მეტი ორგანიზაციაა. კვირეულის ფარგლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე. კვირეულის ფარგლებში, 14-20 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს. დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტები“, - განაცხადეს ილიას უნივერსიტეტში.