შეძლებული ოჯახებიდან მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს კვლავ მიიღებენ

შეძლებული ოჯახებიდან მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებსა და კომპიუტერებს კვლავ მიიღებენ. როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას ჰქონდა ინიციატივა, რომ მომავალ წლებში, სასკოლო სახელმძღვანელოებითა და პირველი კლასელების კომპიუტერებით შეძლებულ ოჯახებს აღარ დახმარებოდნენ, თუმცა როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი აღნიშნული მოსაზრება არავის მოეწონა და ინიციატივა არ განხორციელდება.

”როგორც ჩანს, არავის მოეწონა ჩემი ეს მოსაზრება და ამიტომ ეს არ მოხდება, თანაც, ძალიან ცოტაა ასეთი ოჯახი. ეკონომიას ვერაფერს მივიღებთ და ტყუილა, შევაწუხებთ ხალხს”, - განმარტა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე ინფორმაციით, მომავალ წელს მოსწავლეები უფასო სახელმძღვანელოებს მიიღებენ და შესაბამისი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია.

ალექსანდრე ჯეჯელავამ აგვისტოში საზოგადოებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი ინიციატივის შესახებ ისაუბრა.

”მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მომავალ წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველ კლასელების კომპიუტერებით შესაძლოა აღარ დავეხმაროთ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, 40 000 ლარი ვთქვით ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით. მე მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ და საშუალება გვაქვს ჩემი, ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაპირებ, ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება”, - აცხადებდა ალექსანდრე ჯეჯელავა.