ლარის გაუფასურება საწვავის ფასებზე ნეგატიურად აისახა

ლარის მკვეთრმა დევალვაციამ "სოკარის" ქსელში ნავთობპროდუქტებზე საცალო ფასის გაზრდა გამოიწვია. 

ამის შესახებ "სოკარის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ზუბიტაშვილმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან საწვავის ფასი დამოკიდებულია ორ დიდ ძირითად ფაქტორზე - საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასსა და ლარის კურსზე, ორივე კომპონენტზე ცვლილებამ საწვავზე ფასის ზრდა გამოიწვია.

"ნავთობზე ფასი 2016 წელს გაიზარდა და ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ასევე შეიმჩნეოდა ლარის მკვეთრი დევალვაცია, რამაც "სოკარის" ქსელში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდა გამოიწვია. ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა", - აღნიშნა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

მისი თქმით, ლარის კურსთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი, რასაც ვერ იტყოდა ნავთობის ფასზე.

"თუმცა წინასწარ რაიმეს განსაზღვრა ძალიან რთულია. მომავალი გვიჩვენებს რეალობას და აქედან გამომდინარე, მოხდება ცვლილბები საცალო ფასებზე”, - განაცხადა "სოკარის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი კიდევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4956 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4890 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.

თათია ახვლედიანი