ქუთაისის მერიამ ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია - „ქუთაისი 2021“ წარადგინა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ და საქართველოს მედია-კლუბმა ქალაქის განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია - „ქუთაისი 2021“ ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და ახალგაზრდობის წარმომადგენლებს გააცნეს. ქუთაისის მერიამ, ,,მოსახლეობის ფორუმის " ფარგლებში, ქალაქის განვითარების საშუალოვადიან პრიორიტეტებზე იმსჯელა და მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა პრობლემური საკითხები გამოკვეთა.

მერიის ინფორმაციით, „ქუთაისი 2021“ შვიდ სტრატეგიულ მიზანს და 10 პროგრამას მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქუთაისის, როგორც ტურისტული ქალაქის, განვითარება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც სწორედ ქალაქის მზარდ პოტენციალზე მიუთითებს. ქუთაისის მთავრობა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, ახალი ტურისტული ატრაქციების შექმნით, ტურიზმის სფეროში მოქმედი ინსტიტუციების საქმიანობის კოორდინაციით და ქალაქისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციით გეგმავს, ქუთაისის, როგორც დასავლეთ საქართველოს ტურისტული ჰაბის, ფუნქციის გაძლიერებას. დაგეგმილი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს, ასევე, ტურიზმის წილის გაზრდას ქალაქის ეკონომიკაში; დღეისათვის ქუთაისში უკვე სრულდება საქართველოში ყველაზე მასშტაბური ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა. ქალაქის მთავრობა გეგმავს, შეიმუშაოს ძველი ქუთაისის განვითარების კონცეფცია და კონცეფცია - „ქუთაისი - ფესტივალების ქალაქი“; დაგეგმილია, ასევე, არგონავტიკის მუზეუმის შექმნა. შემუშავდება ქალაქის ბრენდინგის სტრატეგია და შეიქმნება ბრენდული პროდუქტები.

მათივე ინფორმაციით, თითოეული ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტების ინტერესის გაზრდას ქალაქის მიმართ. ქუთაისის მერიის ინიციატივით, დაიწყება, ასევე, მუშაობა ახალ პროექტზე - „ქალაქი მდინარის პირას“, რაც ქალაქს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. ქალაქის მერია გეგმავს შიდასაქალაქო საგზაო ინფრასტრუქტურისა და მცირე ინფრასტრუქტურის (ეზოების, მინი-სკვერების, ატრაქციონების) რეაბილიტაციას, ძველი ქალაქისა და ისტორიული შენობების, აგრეთვე, ძველი საწარმოების ტერიტორიების რეაბილიტაციას, მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფასა და წყალარინების სისტემის შექმნა-რეაბილიტაციას. დაგეგმილია, აგრეთვე, დასასვენებელი ადგილების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ქალაქის პარკებისა და სხვა გამწვანებული ტერიტორიების განვითარება. ქალაქის მთავრობა, აგრეთვე, ხელს შეუწყობს საცხოვრებელ სახლებში, ოფისებსა და საწარმოებში ენერგო მოხმარების შემცირებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, ხოლო ქალაქში არსებული გარეგანათების სისტემა ჩანაცვლდება ენერგოეფექტური (ენერგოდამზოგავი) სისტემით; გაუმჯობესდება, ასევე, ქალაქში არსებული საცხოვრებელი ფონდის თანადაფინანსება და უკვე მომდევნო წლისათვის აშენდება მუნიციპალური სოციალური საცხოვრისი.