ბანკების ასოციაცია სასამართლოებს აუქციონის წესით სესხის სანაცვლოდ დაგირავებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით „საშიში პრაქტიკის“ დამკვიდრებაში ადანაშაულებს

აუქციონის წესით სესხის სანაცვლოდ დაგირავებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით ბოლო დროს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ხდება უკანონო, დაუსაბუთებელი და საშიში პრაქტიკის დამკვიდრება , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ბანკების ასოციაცია ავრცელებს.

ასოციაციის განცხადებით, საკითხი ეხება კანონის მოთხოვნების შესაბამისად და სრული დაცვით, ბანკის (კრედიტორის) მიერ მოვალის სასესხო დავალიანების დასაფარავად, ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობას.

”საყოველთაოდ ცნობილია, რომ აუქციონის წესით სესხის სანაცვლოდ დაგირავებული ქონების რეალიზაცია ემსახურება კრედიტორის კანონიერი უფლების განხორციელებას. სამწუხაროდ, ბოლო დროს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ხდება უკანონო, დაუსაბუთებელი და საშიში პრაქტიკის დამკვიდრება. საკითხი ეხება კანონის მოთხოვნების შესაბამისად და სრული დაცვით, ბანკის (კრედიტორის) მიერ მოვალის სასესხო დავალიანების დასაფარავად, ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკმა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით და კანონით დაგეგმილი წესით (აუქციონი) გირაოში ჩადებული ქონება გაასხვისა. ახალმა კეთილსინდისიერმა შემძენმა, მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად შესყიდული აქტივების რეაბელიტაცია მოახდინა და იგი მომგებიან საწარმოდ აქცია. დაუშვებელია, რომ აუქციონის ბათილობას სასამართლო აცხადებს წლების შემდგომ, როდესაც ქონება უკვე კეთილსინდისიერი მყიდველის საკუთრებაშია გადასული და აქტივი წარმატებით ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო კონკრეტული ბანკის, როგორც კრედიტორის კანონიერ უფლებებს, არამედ ზოგადად სახიფათო პრეცენდენტს ქმნის ბიზნეს გარემოსათვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მსესხებლის ვინაობასა და გავლენის სფეროზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეს საშიში ტენდენცია დამღუპველია ბიზნესის წარმოების სამართლებრივი გარემოსათვის, ვინაიდან, პირველ რიგში, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ინვესტიციების დაცულობას და მეორეს მხრივ ქვეყნის ეკონომიკას მთლიანად. მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრემიერ მინისტრს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაინტერესდნენ ამ პრობლემით, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი მანკიერი პრეცენდენტის დაშვება”, - ნათქვამია განცხადებაში.