მოგების გადასახადის რეფორმა ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა

რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიები მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 2016 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტმა, 85 ხმით - ერთხმად, მესამე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები.

როგორც სამინისტროდან იუწყებიან, მოგების გადასახადით მხოლოდ განაწილებული მოგება დაიბეგრება.

”რეფორმას პოზიტიური შედეგები ექნება, მათ შორის დაჩქარდება ეკონომიკურ ზრდა, გაიზრდება ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობა, ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა, ინვესტიციები, კაპიტალის მოცულობა, ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა, შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები, ბიზნესს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის, ჩამოყალიბდება კიდევ უფრო მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება. გარდა ამისა, დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით: საგადასახადო დავის პერიოდში საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი დღგ-ს თანხის გადახდისაგან განთავისუფლდება, მოხდება 100,000-მდე გადამხდელისთვის უიმედო საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა - 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების ჩამოწერა, საგადასახადო კონტროლს განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით,  საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პროცესში, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციასა და ორგანიზაციასთან რამდენიმე ათეული შეხვედრა გაიმართა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები საგადასახადო ცვლილებების ძირითად შინაარსს გაეცნენ. მათივე ინფორმაციით აღნიშნული შეხვედრების დროს, ბიზნესის მხრიდან საქართველოში რეფორმის განხორციელება ცალსახად დადებითად შეფასდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით მოგების გადასახადის რეფორმის მომზადებაში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. რეფორმის მომზადებაში მონაწილეობდნენ პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ექსპერტები, ასევე ესტონელი კოლეგები.