თბილისის მერია EBRD-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს

თბილისის მერია ,,ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან" (EBRD) თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. როგორც  თბილისის მერიიდან იუწყებიან , „მწვანე ქალაქის“ და ენერგოეფექტურობის მიმართულებით EBRD-მა საკონსულტაციო გრანტის ფარგლებში, ის კომპანიები შეარჩია, რომელთა კონსულტანტებიც თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ორი მიმართულებით იმუშავებენ:

1. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შემუშავება - კომპანია EMPRESS;

2. მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის ტექნიკურად განხორციელების ანალიზი - კომპანია ACCIONA INGENIERIA.

პროექტზე და თანამშრომლობის გზებზე სასაუბროდ თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და ენერგოეფექტურობის თემაზე მომუშავე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შეიქმნება მუნიციპალური შენობებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის მონაცემთა ბაზა, შეირჩევა სარეაბილიტაციო შენობები, რის შემდეგაც განისაზღვრება ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიებები და მეთოდები.

დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ, ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით თბილისის მერია აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

მისივე თქმით, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, საპილოტე პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო ბაღების ენერგოეფექტურ შენობებად გადაკეთება, რის შედეგადაც გაცილებით ნაკლები რესურსი იხარჯება აღნიშნული ბაგა-ბაღების მოვლა-პატრონობაზე.

„მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის განხორციელება აქტუალურია, ერთი მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური გამოყენებისა და, მეორე მხრივ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან მკვეთრად მცირდება გამონაბოლქვის მოცულობა. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის წინაშე და „მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც CO2-ის მოცულობა 2020 წლამდე 20%-ით უნდა შემცირდეს. კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიის ყველა სამსახური მზად არის, საკითხზე აქტიურად იმუშაოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის თემაზე პრეზენტაცია გამართეს. სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ენერგოეფექტური პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის მერიისა და EBRD-ის თანამშრომლობა წარმატებული იქნება.